ბიზნესპალატის წევრებისთვის შეიქმნება „მედიაციის ცენტრი“. მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას. მისი როლი საქმიან ურთიერთობებში განსაკუთრებულია, როგორც კონფიდენციალურობის დაცვის, ასევე, პრობლემების სწრაფი, ეფექტიანი გადაჭრის კუთხით. თუკი მხარეებს შორის ურთიერთობა დაძაბულია იმდენად, რომ გარდაუვალია პოზიციების დაპირისპირება და თავს იჩენს ურთიერთბრალდებები, მიზანშეწონილია დავის მედიაციისთვის გადაცემა.
მედიატორი დაეხმარება მხარეებს ხელსაყრელი გამოსავლის პოვნაში, რომელიც კომპანიებს აარიდებს ზედმეტ დანახარჯს.
მედიაციის პრინციპები ეფუძნება ნებაყოფლობითობას, კონფიდენციალობას, მიუკერძოებლობას და მოქნილობას. ცენტრი დაეყრდნობა მედიაციის შესახებ საქართველოს კანონსა და მედიაციის წესებს.
ცენტრი დაკომპლექტდება კვალიფიციური მედიატორებით, იურისტებითა და ფინანსისტებით, რათა ზედმიწევნით მოხდეს არსებული დავის პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა. ცენტრის ეფექტიანობის გაზრდისთვის, ბიზნესპალატა ტრენინგების, ვორკშოფების და მრგვალი მაგიდის შეხვედრების ორგანიზებით ითანამშრომლებს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“.