Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალგაზრდების განვითარება და მხარდაჭერა

ახალგაზრდების განვითარება და მხარდაჭერა

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კავკასიის რეგიონი ოდითგანვე თავს უყრიდა განსხვავებული ეროვნების, მრწამსისა და იდეოლოგიის ადამიანებს, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით აღწევდნენ საყოველთაო კეთილდთეობას. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ქართველმა მეცნიერმა, მწერალმა და პოლიტიკოსმა სულხან-საბა ორბელიანმა დაწერა ცნობილი იგავ-არაკი – „ძალა ერთობაშია“, რომელიც დღესდღეობით საქართველოს დევიზია და მის გერბზე ღირსეულ ადგილს იკავებს; აღნიშნული ფასეულობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ საქართველო გვევლინება ერთიანი კავკასიის იდეის აღორძინების ინიციატორად.

GLD1-11 - article

“ძალა ერთობაშია”

მართალია რამდენიმე ათეული წლის წინ განვითარებული მოვლენები მტკივნეულად დარჩა ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში, მაგრამ ნათქვამი და მრავალჯერ დადასტურებულია, რომ დრო საუკეთესო მკურნალად გვევლინება. მტკივნეული მოგონებების წარსულში დატოვების უნარი საშუალებას გვაძლევს განვაახლოთ ურთიერთობა და ისტორიის ახალი თავის წერა სუფთა ფურცლიდან ერთად დავიწყოთ.

სწორედ აღნიშნულ ჩანაფიქრს ემსახურება პროექტი – „განათლებული ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესისთვის“. „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა” აცნობიერებს, რომ ეკონომიკური ინტერესები ძლიერი მოტივატორია და შესაძლოა იქცეს ბაზად, რომელზეც კავკასიის ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობა დაშენდება, ამიტომ ორგანიზაციამ შეიმუშავა გეგმა ახალგაზრდების დასაახლოვებლად და ერთმანეთის კულტურისადმი ინტერესის გასაღვივებლად.

მოგეხსენებათ, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მთავარი პირობა განათლებული თაობაა, განსაკუთრებით ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელიც კულტურულ – ისტორიული პოტენციალით ერთ – ერთი უნიკალურია მთელ მსოფლიოში. მოცემული ფაქტის გათვალისწინებით, BCAGC-მა მიზნად დაისახა:

ა) მომავალი თაობისათვის ცოდნის ამაღლება სპეციფიკურ სფეროებში, რომლებიც ახალგაზრდებს  დაეხმარებათ პიროვნულ (ინტელექტუალურ, მორალურ) და კარიერულ (პროფესიულ) განვითარებაში;

ბ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა;

გ) ახალი ბიზნესისთვის საფუძვლის ჩაყრა, პროგრამის – „ახალგაზრდა წამომწყები“ ფარგლებში.

პალატამ მიზნების განსახორციელებლად შეარჩია ორი თემა: „ძველი კოლხური და იბერიული ცივილიზაციები“; „მტკვარ-არაქსის კულტურა“. პროექტმა უნდა უბიძგოს ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს კულტურული ინტეგრაციიისკენ. დარგის სპეციალისტებთან ერთად, უნდა შემუშავდეს ე.წ. საექსპედიციო მარშრუტი, რომლის ფარგლებშიც ახალი თაობა გაეცნობა ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ძველ წეს-ჩვეულებებს, სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და კულინარიას. აღნიშნული აქტივობა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ქვეყანა მსოფლიოს ახალი კუთხით წარუდგინონ და იქამდე შეუმჩნეველი, მნიშვნელოვანი ასპექტები წარმოაჩინონ; ეს კი, თავის მხრივ, აამაღლებს სახელმწიფოს ცნობადობას და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.

ცალკე უნდა გამოვყოთ პროექტის ეკონომიკური რაკურსი, ახალგაზრდების დახმარებით შესაძლებელი გახდება იდეების მობილიზება და პრაქტიკული საფუძველი ჩაეყრება სამომავლო ბიზნესპარტნიორობას.

პროექტში უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალისტების და სახელმწიფო/საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, როგორებიცაა: ,,აწარმოე საქართველოში’’; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო სააგენტო; ,,საპარტნიორო ფონდი’’; ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია:  GIZ, USAID, EBRD, მსოფლიო ბანკი, იაპონიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო და სხვა.

ორგანიზაციამ უნდა შეიქმნას ახალგაზრდების ასაკობრივი კატეგორიები (14-18; 18-23), რათა საერთო თვალსაწიერის მქონე მოსწავლეები/სტუდენტები ერთობლივად გაეცნონ შემდეგ თემებს:

ა) „ძველი კოლხური და იბერიული ცივილიზაციები” – აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ისინი შეისწავლიან ტრადიციულ არქიტექტურას, კულინარიას, მეურნეობასა და ეკოსოფლების სპეციფიკურ გარემოს. სტუმრები იმოგზაურებენ წარსულში და ეზიარებიან კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ ცხოვრებას.

ბ) ამიერკავკასიის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, ოსური, აფხაზური და ა.შ.) წარმოჩენა.

შეირჩევა ყველა მსურველი, განურჩევლად ეროვნებისა, და დაკომპლექტდება შესაბამისი ჯგუფები.

ჩანაფიქრის უპირველესი მიზანია ტოლერანტული ურთიერთობისა და მშვიდი „მეზობლობის“ ჩამოყალიბება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ინტერკულტურული დიალოგის წამოწყებას.