Business Chamber of Asian & Gulf Countries > მწვანე ეკონომიკა- ნარჩენების მართვა

მწვანე ეკონომიკა- ნარჩენების მართვა

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მწვანე ეკონომიკის განვითარების პოპულარიზაციას მოწინავე ქვეყნების (მათ შორის ინდოეთის) გამოცდილების მიხედვით (ნარჩენების გადამუშავების პროცესში). საქართველომ, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებისა და ნარჩენების მართვის კუთხით. ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის სექტორი და შეიცვალა კანონმდებლობა (მაგალითად, ნარჩენების მართვის კოდექსი), რაც, ლოგიკურად, აისახა ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობებზე.

Image00003

ნარჩენების მართვა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

2014-2015 წლებში თბილისში გადაიდგა პირველი ნაბიჯები ნარჩენების ფრაქციის სორტირებისთვის (ქაღალდი, პლასტმასი, მეტალი და მინა), თუმცა – მიუხედავად არაერთი ქმედითი ღონისძიებისა – პრობლემა კვლავ აქტუალურია. ორგანიზაციის დამფუძნებელთა ხედვით, კერძო სექტორის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში უმნიშვნელოვანესია, აუცილებელია ერთიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბება და, მონაცემთა განახლებასთან ერთად, მისი პერიოდული შეცვლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაცია მუდმივ რეჟიმში ითანამშრომლებს სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციასთან, ვინაიდან ჯანსაღი გარემო ჩვენი მომავალი თაობის უფლებაა.

ბიზნესპალატას მიაჩნია, რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატზეც, ვინაიდან დაბინძურებული ნიადაგი და მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელი არცერთი პოტენციური ინვესტორისთვის არ არის მიმზიდველი.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ აქვს დიდი ბუნებრივი რესურსები, აუცილებელია არსებულის  ხელახლა გამოყენება. მაგალითად, მინის ბოთლების საწარმოში ჩაბარება, მისი ხელახალი მოხმარებისთვის, რაც აპრობირებული მეთოდია ჩვენს ქვეყანაში. ამ დროს ხარჯის, ენერგიისა და რესურსების დაზოგვა ერთიანად ხდება, რადგან პროდუქტის ტექნოლოგიური დამუშავება საჭირო აღარ არის.