მოგეხსენებათ, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მთავარი პირობა განათლებული თაობაა, განსაკუთრებით ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელიც კულტურულ – ისტორიული პოტენციალით ერთ – ერთი უნიკალურია მთელ მსოფლიოში. მოცემული ფაქტის გათვალისწინებით, BCAGC-მა მიზნად დაისახა:
ა) მომავალი თაობისათვის ცოდნის ამაღლება სპეციფიკურ სფეროებში, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარებათ პიროვნულ (ინტელექტუალურ, მორალურ) და კარიერულ (პროფესიულ) განვითარებაში;
ბ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა;
გ) ახალი ბიზნესისთვის საფუძვლის ჩაყრა, პროგრამის – „ახალგაზრდა წამომწყები“ ფარგლებში.
პალატამ მიზნების განსახორციელებლად შეარჩია ორი თემა: „ძველი კოლხური და იბერიული ცივილიზაციები“; „მტკვარ-არაქსის კულტურა“. პროექტმა უნდა უბიძგოს ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს კულტურული ინტეგრაციიისკენ. დარგის სპეციალისტებთან ერთად, უნდა შემუშავდეს ე.წ. საექსპედიციო მარშრუტი, რომლის ფარგლებშიც ახალი თაობა გაეცნობა ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ძველ წეს-ჩვეულებებს, სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და კულინარიას. აღნიშნული აქტივობა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ქვეყანა მსოფლიოს ახალი კუთხით წარუდგინონ და იქამდე შეუმჩნეველი, მნიშვნელოვანი ასპექტები წარმოაჩინონ; ეს კი, თავის მხრივ, აამაღლებს სახელმწიფოს ცნობადობას და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.
ცალკე უნდა გამოვყოთ პროექტის ეკონომიკური რაკურსი, ახალგაზრდების დახმარებით შესაძლებელი გახდება იდეების მობილიზება და პრაქტიკული საფუძველი ჩაეყრება სამომავლო ბიზნესპარტნიორობას.