სპარსეთისა და აზიის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი, ბატონი დავით ცირდავა ქუვეითში საქმიანი ვიზიტით შეხვდა ქუვეითის ელექტრონული მედიის კავშირის მდივანს და ქუვეითის ერთ-ერთი ცნობილი ელექტრონული ჟურნალის, ალირადას წარმომადგენლებს.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ქუვეითში პარტნიორ მედია საშუალებებთან კონტაქტების დამყარება და მათთან შემდგომი ურთიერთობების დეტალების განხილვა. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის და ბიზნეს გარემოს გაცნობის მიზნით, მაღალრეიტინგულ ალირადას ელექტრონულ ჟურნალში, მოცულობითი დრო და სივრცე დაეთმობა გადაცემებს საქართველოსა და ქუვეითზე.
მედია საშუალებებზე ასეთი ხელმისაწვდომობა საუკეთესო ინსტრუმენტია საქართველოს და ქუვეითს შორის ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, ახალი კონტაქტების გასაცნობად და დასამყარებლად, მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის საკუთარი ბიზნესის პრეზენტირებისთვის, რეკლამირებისთვის, ექსპორტისთვის, ახალი ბაზრის გაცნობისა და ათვისებისთვის.
ბიზნეს პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი მაღალი დონის მედია საშუალებასთან მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუვეითში, საქართველოს და მისი საინვესტიციო გარემოს უკეთ გასაცნობად.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გავაფართოვოთ საინფორმაციო საშუალებებზე წვდომის არეალი. ამიტომ ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება და აქტუალური იქნება ყველა ეტაპზე, რათა იგივე განვახორციელოთ ბაჰრეინსა და კატარში, რომ საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის ბიზნეს-ეკონომიკური ურთიერთობა უფრო გამყარდეს, ახალი კავშირები დამყარდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა.