ბიზნეს და ეკონომიკური ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის (კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი)

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News > ბიზნეს და ეკონომიკური ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის (კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი)

ბიზნეს და ეკონომიკური ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის (კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი)

  • Posted by: Kati2022

სხვადასხვა ტიპის შეკრებები მათ შორის ბიზნეს და ეკონომიკური ფორუმები, ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას და თანამშრომლობას უწყობს ხელს. ბიზნესფორუმი ერთ-ერთი საშუალებაა კომპანიებისა და ბიზნესმენებისთვის, რომელთაც ახალი პარტნიორების შეძენა სურთ ახალ ინვესტორებს შეხვდნენ. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახლა იწყებენ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ან თანამშრომლობის არც თუ ისე დიდხნიანი ისტორია აქვთ.

საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს დაახლოებით 30 წლიანი ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია აქვთ. თუმცა, ეკონომიკური თანამშრომლობა მათ შორის უფრო გვიან, 2010-იან წლებში დაიწყო. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ბიზნეს, სავაჭრო, ეკონომიკური ფორუმების მოწყობა ამ ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების თვალსაზრისით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსა და სპარსეთის ყურის ისეთ ქვეყნებს შორის როგორიცაა: ქუვეითი, ბაჰრეინი და კატარი.

საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მდივანი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი ესტუმრა, რომელიც საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანაა ინვესტირების კუთხით[1]. თუმცა, კოვიდ პანდემიამ შეაჩერა ბიზნესის განვითარება მსოფლიო მასშტაბით და იმისათვის, რომ კოვიდ პანდემიამდე არსებული ურთიერთობები აღდგეს მნიშვნელოვანია ბიზნეს ფორუმების ჩატარება, რადგან არსებობს საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების  შანსი ეკონომიკის სხვადასხვა დარგში: ტურიზმი, სამშენებლო სფერო და ლოჯისტიკა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე და სხვა.

ბიზნეს და ეკონომიკური ფორუმების მნიშვნელობას საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის ხაზი გაუსვა კატარის ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც ამა წლის 20-22 ივნისს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ და კატარმა 2022 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებებს,  რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეთანხმებას ხელი მოაწერეს  საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის საინვესტიციო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა მანსურ ბინ იბრაჰიმ- ალ მაჰმუდმა, მათ შორის შეხვედრა კი სწორედ კატარის ეკონომიკური ფორმის ფარგლებში შედგა[2].  

რაც შეეხება ქუვეითს, საქართველო და ქუვეითი ამ წელს დიპლომატური ურთიერთობების დამყარების 30 წლის თავს აღნიშნავენ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე წლებში დაიწყო ეკონომიკურ-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორ ქვეყანას შორის. ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო ბოლო წლებში საქართველოში არსებულმა კარგმა საინვესტიციო კლიმატმა. ქუვეითის არაბული ეკონომიკური განვითარების ფონდმა უკვე განახორციელა კიდეც  რამდენიმე პროექტი საქართველოში. გარდა ამისა, იგეგმება ქუვეითისა და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება[3]. ეკონომიკური ფორუმების ჩატარება კი ამ იდეის განხორციელებას დიდ წილად შეუწყობს ხელს, მსგავს ფორუმზე ორივე მხარეს საშუალება ექნება უფრო დაწვრილებით განიხილოს მომავალი თანამშრომლობის დეტალები.

ბაჰრეინს სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე დივერსიფიცირებული ეკონომიკა აქვს. გამომდინარე აქედან, ფართოა იმ სფეროების რიცხვი, რომლებშიც საქართველოსა და ბაჰრეინს თანამშრომლობა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები განვითარების ადრეულ სტადიაშია, მისი შემდგომი განვითარება კი უფრო მეტი ძალისხმევის გაღებასა და სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის ბიზნეს ფორუმების ჩატარებას მოითხოვს, რათა ამ ორ ქვეყანს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები დამყარდეს, რაც საბოლოო ჯამში მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისათვის.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის (კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი) ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად  განვითარებისთვის საჭიროა ბიზნეს, სავაჭრო, ეკონომიკური ფორუმების უფრო მეტი სიხშირით მოწყობა, რაც საშუალებას მისცემს ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ერთმანეთს შეხვდნენ და მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები დაამყარონ.


[1] Georgia forges closer ties with the Gulf Cooperation Council, Agenda.ge, 17.02.2017. Available at: https://agenda.ge/en/news/2017/264, (Accssed:01.07.2022).

[2] Georgia, Qatar sign agreements to boost trade, economic relations, Agenda. Ge. Available at: https://agenda.ge/en/news/2022/2361, (Accssed:01.07.2022).

[3] Kuwait-Georgian relations on an upswing, Times Kuwait, 21.05.2022, Available at: https://timeskuwait.com/news/kuwait-georgia-relations-on-an-upswing/, (Accssed:01.07.2022).

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება