რეგიონული თანამშრომლობა, მოცემულობა და პოტენციალი.

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > რეგიონული თანამშრომლობა, მოცემულობა და პოტენციალი.

რეგიონული თანამშრომლობა, მოცემულობა და პოტენციალი.

  • Posted by: Kati2022

2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების საპირისპიროდ აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სპეციფიკური ხასიათის ბრძოლა დაიწყო, რაც სანქციების დაწესებასა და რუსეთის მჭიდრო ეკონომიკურ წნეხში მოქცევას გულისხმობდა. 24 თებერვალს, როცა რუსეთის პრეზიდენტმა მთელ მსოფლიოს ამცნო უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ინტერვენციის შესახებ, ვაშინგტონსა და ლონდონს მკაცრი სანქციებით კოლექტიური დასავლეთი და რიგი აზიის ქვეყნებიც შეუერთდა.

ინდივიდუალურ პირთა სიაში პირველად მოხვდა თავად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და უმაღლესი პირები რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალიდან. დაიკეტა ევროპის და ამერიკის ცა რუსეთისთვის, მილიონები დაკარგეს ოლიგარქებმა, რეკორდულად გაუფასურდა რუბლი. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები უკრაინის იდეის მხარდამჭერებისთვისაც დანაკარგებთანაა დაკავშირებული, ყველა იაზრებს, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების არსებობისთვის, აუცილებელია.

ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიით დათრგუნული მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა რუსეთის აგრესიით კიდევ უფრო დამძიმდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსული ფული მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ინტენსივობით მოძრაობს, ამას გარდა პრობლემატურია რიგი სახელმწიფოების ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებულების საკითხი, რაც მსოფლიო პოლიტიკაში დეკადებია, რაც სწორი და პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას უშლის ხელს.

საქართველომ და რეგიონში მყოფმა სახელმწიფოებმა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში კარგად გაიაზრეს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სოლიდარობას, თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მოქმედებას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სიბრტყეებზე. ცხადზე უცხადესია, რომ ეკონომიკური სირთულეები, ენერგო-პრობლემები და სასურსათო დეფიციტი თანამშრომლობის გარეშე უახლოეს პერიოდში ვეღარ მოგვარდება.

საქართველოსთვის უპრეცედენტოდ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ სამეზობლო პოლიტიკას, რომელიც დღევანდელი მოცემულობით რესეთზე გვერდის ავლით უნდა მოხდეს. გაღრმავდეს თანამშრომლობა რეგიონში მყოფ ლიდერ სახელმწიფოებთან – თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ამასთან საქართველო ვალდებულია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონული მშვიდობის დასამყარებლად და მეზობელი სახელმწიფოების კონფლიქტების მოგვარების საკითხში იყოს მოწინავე.

რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოს ირგვლივ?  როგორი ურთიერთობებია ამ დრომდე ჩამოყალიბებული  მეზობელ სახელმწიფოებთან?  არსებობს თუ არა ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები ? 

სამეზობლო ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარი 2007 წლიდან უნდა დაიწყოს, რა დროსაც საქართველოსა და თურქეთს შორის დაიდო შეთანხმება „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“. ამ მოვლენამ რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს დადებით დინამიკა შესძინა და ორი სახელმწიფოს პოლიტიკური ურთიერთობები ეკონომიკური თანამშრომლობით განამტკიცა.

ახალმა საგადასახადო პოლიტიკამ თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები გაზარდა. შეთანხმების თარიღიდან 2015 წლამდე საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაზარდა. 2021 წლის საქ.სტატის მონაცემებზე დაყრდნობით თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ საიმპორტო ქვეყნად ჩამოყალიბდა ჩინეთთან ერთად.

რესურსები, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში ლავირებს სხვადასხვაგვარია: მძიმე ლითონები, ხის ნაწარმი, ქართული ღვინო და თაფლი. თურქეთის ბაზარზე განხორციელებული ეკონომიკური პროტექციონისტული პოლიტიკის მიუხედავად ქართული ნაწარმი მოთხოვნადია. თურქეთი აქტიურად ახორციელებს ავტარკიულ პოლიტიკას, რამაც ანკარა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ევროპასა და აღმოსავლეთში ეკონომიკურ ლიდერად აქცია. ფარმაცევტული და სამკურნალო საშუალებები, მაღალგანვითარებული სამედიცინო მანქანა – დანადგარები, პლასტმასა, სამშენებლო და ელექტრო – გადამცემი რესურსები, სურსათითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, როგორც ზემოთ აღინიშნა თურქეთი, რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს საექსპორტო ბურჯად აქცია.

„ტრაბზონის დეკლარაცია“, რომელიც თურქეთის აზერბაიჯანისა და საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმალური ჩარჩოა, განსაკუთრებულად აქტუალურია კოვიდ პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ მიმდინარე აგრესიისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის განსამუხტად.

2021 წელს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის ეკონომიკის მთავრობათაშორისი სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფოს უმაღლესმა წარმომადგენლებმა მრავალმხრივი თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა მოიცავს 100-ზე მეტ მულტიფუნქციურ ხელშეკრულებებს, რომლებიც ნორმალიზაციას უწევს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფაქტობრივად ყველა სფეროს. ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები მრავალმხრივი რეჟიმით მიმდინარეობს, მაგრამ გამოსაყოფია სახელმწიფოთა ენერგეტიკული თანამშრომლობა, რაც ასე მნიშვნელოვანია არსებულ მსოფლიო პოლიტიკურ მოცემულობაში.

ერთობლივი ენერგეტიკული თანამშრომლობის ჩარჩოში ხაზგასასმელია -„ბაქო-სუფსისა“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენები და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენი, ასევე გარდაბანი-სამუხის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ჩამოთვლილი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოთა ენერგო უზრუნველყოფის დილემების გადაჭრაში.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი და მზარდი ტურისტული სარგებელი, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ შესაძლებლობებს სძენს და უწყვეტი თანამშრომლობის მტკიცე გარანტად გვევლინება.

იმ დროს, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს, გმირულად მებრძოლ უკრაინასთან ერთად იხდის აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების საფასურს. მოცემულობაში, სადაც რუსეთის ეკონომიკურ კოლაფსსა და ძირეულ პოლიტიკურ რყევებს მოასწავებს შექმნილი ვითარება უალტერნატივოა ლოკალური რეგიონული ურთიერთობების განმტკიცება, პოზიტიური სამეზობლო პოლიტიკის გატარება და აქტიური ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რეგიონში არსებულ წამყვან სახელმწიფოებს შორის, რათა დღეს არსებული პოლიტიკური ტურბულენტობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდეს მხარდამხარ მდგომი სახელმწიფოთათვის.

როგორც ზემოთ აღინიშნა სწორი სამეზობლო პოლიტიკის გატარება საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ქვეყნებია, რომელთა საერთო ეკონომიკურ ჯაჭვში ჩაბმა ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება სახელმწიფოთათვის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რეგიონის ლიდერ-სახელმწიფოსთან თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება მრავალმხრივი მიმართულებებით. დიდია იმ საქონლისა, თუ სერვისების მოცულობა, რაც თურქეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში ლავირებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოტენციალი გაცილებით მეტია. ჯანდაცვის სერვისების, სატრასპორტო და საკომუნიკაციო მომსახურების, ტურიზმისა და საბანკო საფინანსო საქმის წარმოებაში თურქეთი ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა მთელ მსოფლიოში, აღსანიშნია, რომ საქართველოში ამას იაზრებენ და აქტიურად ცდილობენ ორი სახელმწიფოს კავშირების სხვა, გაცილებით მნიშვნელოვან ეტაპზე გადაყვანას. მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოთა ენერგო უზრუნველყოფის საკითხებს. თბილისი – ბაქო – ჯეიჰანის მილსადენი კარგად გამოხატავს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის სიღრმესა და მნიშვნელობას. სასურველია, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ენერგო თანამშრომლობის კუთხით კიდევ უფრო გაღრმავდეს, ამას გარდა ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში ასათვისებელია თბილისი-ბაქოს ინფრასტრუქტურული, აგრო-კულტურული რესურსები, რაც გამორიცხავს, როგორც სამშენებლო მასალების, ასევე სასურსათო დეფიციტის ალბათობას. ფაქტია, რომ საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები მრავალმხრივი ფორმატით მიმდინარეობს, თუმცა პოტენციალი კიდევ უფრო დიდია. საჭირობა გვაჩვენებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით, სამეზობლო ურთიერთობების გაღრმავება ქვეყნის სტაბილურობის გარანტად უნდა იქცეს შემდეგი წლების განმავლობაში. 

ავტორი: დავით ცირდავა

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება