ახალი ქართული სიტყვა აზიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში

  • Posted by: d.ts

გასულ თვეში საქართველოს, აზიისა და სპარსეთი ყურის ქვეყნებს შორის ეკონომიკური  ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო, შეხვედრები შედგა საქართველოსა და აღმოსავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოებში. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება დუბაიში გაიმართა, რომელზეც გიამბობთ მე, დავით ცირდავა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეპალატის ვიცე-პრეზიდენტი. სანამ მთავარ საკითხებზე გადავალ, ვიტყვი, რომ შემდგარი შეხვედრები და დაგეგმილი სამომავლო ურთიერთობები ჩემი გამოცდილებით, საქართველოს ახალ, დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაუჩენს, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რყევების ფონზე კი ზემოხსენებული მნიშვნელობა გაორკეცებულია.

მაშ ასე, დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით:

ახალი ქართული სიტყვა აზიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები განვითარების დინამიკით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებენ.  ისინი განსაკუთრებულად საინტერესო ხდებიან გლობალურ ეკონომიკაში, რადგან გარე ვაჭრობა ამ  სიბრტყეში ის უპირველესი კომპონენტია, რომელიც წამყვან როლს სძენს ქვეყნებსა და სხვადასხვა ტიპის გაერთიანებებს.

აღმოსავლეთ ნახევარსფერო აქტიურად ცდილობს დააინიციროს იმ ტიპის პროექტები, რომლებიც გაამარტივებს სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს დანარჩენ მსოფლიოსთან და ხელს შეუწყობს ეკონომიკური დოვლათის დაგროვებას იმპორტიორი თუ ექსპორტიორი სახელმწიფოებისთვის.  ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ილუსტრაციაა პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“, რომლის  მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო საქართველოც არის.

პროექტის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ (One Belt One Road) მიზანია პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული პროექტის მასშტაბები სცდება აზიის კონტინენტს, უკავშირდება სპარსეთის ყურის ქვეყნებს და მსოფლიოს დარჩენილ დიდ ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფარგლებში კავკასიაზე გამავალი კორიდორი მკაფიოდ არ არის გამოხატული, „ერთი სარტყელი ერთი გზა“ არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ განავითაროს სახმელეთო, საზღვაო და სხვა ქვეყნის ზოგადი ლოჯისტიკური მხარე.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ბიზნესგარემო და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, რომლითაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო რეგიონში არის ლიდერ პოზიციაზე. „ერთი სარტყელი ერთი გზა“ არის შესაძლებლობა, რომ საქართველო იქცეს არა მარტო სატრანზიტო ობიექტად, არამედ სატრანზიტო ჰაბად და ჩამოყალიბდეს ხელსაყრელ, იმედისმომცემ და მდგრად საინვესტიციო დანიშნულებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ, ციფრულ და ეკონომიკურ განვითარებას.

აგვისტოში სასტუმრო „ბილტიმორში“ გაიმართა „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეპალატის“ პრეზენტაცია, რომელიც აქტიურად ჩაუდგება სათავეში საქართველოსა და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს წამყვანი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობების კონსოლიდაციას, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ღონისძიებამ ხაზგასმით წარმოაჩინა „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ დიდი მნიშვნელობა ბიზნესკლიმატის ფორმირების პროცესში, როგორც ლოკალურ (ქართულ), ასევე, გლობალურ (კავკასია, აზია) ასპარეზზე.  BCAGC აქტიურად შეუდგა საქმიანობას და 2021-ის 19 სექტემბერს გამართა ერთ-ერთი პირველი საქმიანი ვიზიტი დუბაიში, რომელსაც დაესწრნენ სხვადასხვა აზიური კომპანიების, ფონდების, ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის

ბიზნესფორუმზე BCAGC-ის წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დამსწრეებს გამოუცხადეს სრული ღიაობა და მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის ბიზნესპოტენციალის წარმატებულად გამოყენების მიმართულებით. ასევე, სიტყვით გამოვიდა ბატონი ამან პური, ინდოეთის გენერალური კონსული დუბაიში, რომელმაც BCAGC-ის მნიშვნელობასა და აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

შეხვედრების შედეგად მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ეწვევა მნიშვნელოვანი საინვესტიციო კომპანია ქალაქ აბუ-დაბიდან. ასევე, თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა აბუ-დაბიში 200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს სამშენებლო/საპროექტო სექტორის კომპანიებთან ქართველი არქიტექტორებისა და ინჟინრების ჩართულობის გათვალისწინებით.

შეხვედრის მონაწილე აზიური კომპანიებს მიერ, ხაზი გაესვა ინიციატივებს საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მიმართულებაზე, რომლის შესახებაც ჩაინიშნა ვიზიტი.

ბიზნესფორუმზე გამოიყო თემატიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა”-ს შესახებ, განხილვების შედეგად დაანონსდა “დელტა”-ს მიერ წარმოებული სამხედრო პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა აზიის ქვეყნებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ “დელტა”-ს ჩართულობით გაიმართება ბიზნესშეხვედრები.

ფორუმის ფორმატში შედგა მნიშვნელოვანი შეთანხმება საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელ “LuLu Hypermarket”-თან. აღნიშნული კომპანია დაინტერესებულია საქართველოში წარმოებული პროდუქციით, რასთან დაკავშირებითაც BCAGC გეგმავს ქართველი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის განხორციელების ხელშეწყობას.

ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრების  პარალელურად  დამატებითი შეხვედრები გამართა კერძო სექტორების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში მზის პანელების შექმნაზე მუშაობას გეგმავენ.

პირდაპირი წარმომადგენლობა სპარსეთის ყურისა და აზიის ქვეყნებში

მნიშვნელოვანი საკითხია  BCAGC-ის პრეზიდენტის დარპან პრაშერის ხელმოწერა ბიზნესპალატის კონსულების დანიშვნასთან დაკავშირებით ჩამოთვლილ ქვეყნებში: ქუვეითი, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი. ბიზნესპალატას პირდაპირი წარმომადგენლობით, გამარტივებული კომუკაცია ექნება აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მნიშვნელოვან სახელმწიფოებსა თუ გაერთიანებებთან.

განსაკუთრებული იყო BCAGC-ის ახლადდანიშნული კონსულების სიტყვით გამოსვლაც, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა თავიანთ ქვეყნებში ბიზნესკავშირების გაფართოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

დუბაის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში შედგა დაჯილდოების ცერემონიაც და დაწესდა BCAGC-ის უმაღლესი ჯილდო „პანგეა“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პარალელური შეხვედრები დუბაიში

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პარალელური შეხვედრები გაიმართა საქართველოს სამთავრობო დელეგაციების მიერაც. “არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში  შეხვედრების შემდეგ. მინისტრის თქმით: „ჩვენ ვესტუმრეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ტრადიციული ინვესტორ პარტნიორია. წლების განმავლობაში ადგილობრივ ინვესტორებს მილიარდ 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად გავაფართოოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტორების პროექტები და მათი ინვესტიციები საქართველოში.”

საბოლოო სიტყვა

საბაზრო ეკონომიკის გაძღოლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტია ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკა. აზიური ინვესტიციები ზრდის შანსს, აღმოიფხვრას არსებული სოციალურ-ეკონომიკური ბარიერები და გახდეს დამატებითი მუხტი საქართველოს საზოგადოებრივი განვითარებისათვის. ჩვენთვის, როგორც რეციპიენტი სახელმწიფოსთვის, აზიური ინვესტიციები ნიშნავს უმნიშვნელოვანეს წყაროს საწარმოო საქმიანობის განახლებისათვის და ის კონკურენტუნარიანობის მატების საუკეთესო საშუალებაა გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკაში. თანამედროვე გარემოში, როგორც ჩანს, ქვეყნის პოზიციების გაფართოებისა და გამყარების საუკეთესო წინაპირობა აზიური  გამართული საინვესტიციო პრინციპებია.

ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია  ბიზნესპალატის ფასდაუდებელი როლი ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში, მომგებიანი, გლობალური პოზიციების ფორმირებაში, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსაზღვრაში. ბიზნესპალატა კატალიზატორია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში, საერთაშორისო კომუნიკაციების ჩამოყალიბებასა და მიმდინარე ფორმალური ურთიერთობების გამყარებაში.

BCAGC-ის ოფიციალურად ეყოლება წარმომადგენლები აღმოსავლურ ქვეყნებში, რაც კიდევ უფრო დიდი მოტივაციით წინსვლის საშუალებას იძლევა საქართველოსა და აზიის, სპარსეთის ყურის ქვეყნების საერთო მიზნების მისაღწევად. BCAGC-ს უახლოეს პერიოდში აზიის 46-ვე სახელმწიფოში ეყოლება საკუთარი წარმომადგენლები კონსულების სახით, რომლის მიზანია აზიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ბიზნესკავშირების გამტკიცება, გაფართოება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ხელშეწყობა.

BCAGC-ია ერთგვარი მრგვალი მაგიდა, იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთა მრავალწახნაგოვანი ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის – მათ შორის არიან ქვეყნები, რომელთა კავშირები დღემდე ინტენსიური და ღრმაა, ხოლო სახელმწიფოთა გარკვეული ჯგუფისთვის თანამშრომლობა წინაღობაა. მრგვალი მაგიდა BCAGC-ის ხელმძღვანელობით დაფუძნებულია კონსტრუქციოლობის, სოლიდარობის, თანამშრომლობისა და ერთიანობის ღირებულებებზე, რაც თავის მხრივ საწინდარია სამომავლო პოზიტიური თანამშრომლობისა. აზიისა და სპარსეთი ყურის ქვეყნები მომავალი მსოფლიოს ეკონომიკური ჰაბია, სადაც საქართველოს წარმომადგენლობა ერთი-ერთი უპირველესი პრიორიტეტია ბიზნესპალატისთვის. კონსულების დანიშვნა და სამომავლო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა საქართველოს გზას უხსნის 5 მილიარდამდე მოსახლეობით შემდგარი ბაზრისკენ, რაც საქართველოს დივერსიფიცირებული ეკონომიკური მომავლის საწინდარია.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ BCAGC მიმდინარე წლის ნომებერში, გეგმავს მასშტაბური გამოფენისა და ბიზნეს ფორუმის ჩატარებას, რომელსაც დაესწრებიან აზიის სხვადასხვა ქვეყნების კომპანიები.

პატივისცემით,

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ვიცე-პრეზიდენტი

დავით ცირდავა

Author: d.ts

კომენტარის დატოვება