საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი _ რეგიონული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი _ რეგიონული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი _ რეგიონული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები

  • Posted by: Kati2022

 საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს მრავალწლიანი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ისტორია გააჩნიათ, რომელიც დიდწილად საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად იწყება, როდესაც თურქეთს, შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის პირობებში, კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან  აქტიური თანამშრომლობის საშუალება მიეცა.  თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოფიციალურად აღიარა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა[1] და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.    ამ პერიოდში, თურქეთის სწრაფვას, გაევრცელებინა თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა კავკასიაზე და შუა აზიაზე, აქტიურად უჭერდა მხარს დასავლეთიც, რადგანაც ცივი ომის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, თურქეთი იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ამავე დროს, 90-იან წლებში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატადაც მოიაზრებოდა.  კავკასიის და შუა აზიის ქვეყნები კი თურქეთის სახით ხედავდნენ პარტნიორს, რომელიც, პირველ რიგში ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით, რუსეთისაგან გათავისუფლებულ ადგილს შეავსებდა.

   კავკასიის რეგიონი, უფრო კონკრეტულად საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლიობა, თურქეთისათვის პირველ რიგში ენერგეტიკული რესურსების ფაქტორით გახდა მნიშვნელოვანი. ბუნებრივი აირით და ნავთობით ღარიბი თურქეთისათვის აზერბაიჯანის ნავთობი და ბუნებრივი აირი დიდ როლს ასრულებდა და ასრულებს. ამავე დროს აზერბაიჯანს გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციაც, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება შუა აზიის ქვეყნებიდან ნავთობის და ბუნებრივი გაზის ტრანზიტს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ასევე გადის ენერგომატარებლებიც,რომლებიც ირანულ ნავთობს და ბუნებრივ აირს აწვდიან მიმდებარე ტერიტორიებს და ამგვარად, აზერბაიჯანი, ირანული ენერგორესურსების გატარების კუთხითაც მნიშვნელოვან სატრანზიტო წერტილს წარმოადგენს.[2]  საქართველო, ენერგოტრანზიტის კუთხით, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, თურქეთ-სომხეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დახურვის შემდეგ, მთავარ სატრანზიტო პუნქტად იქცა, რომელიც მის ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და შაჰდენიზის გაზსადენის საშუალებით, აზერბაიჯანული და შუა აზიური ნავთობით და ბუნებრივი აირით ამარაგებს თურქეთს.  მიუხედავად ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ დაწყებული თურქულ-სომხური მოლაპარაკებებისა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ და ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნისა, თურქულ-სომხური მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე ყოფნის და ზანგეზურის/სიუნიკის რეგიონის მთიანი რელიეფის გამო, რომელიც ენერგომატარებლების მშენებლობას ძვირს და შრომატევადს ხდის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უახლოეს მომავალშიც შეინარჩუნებს სატრანზიტო ფუნქციას, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და პირდაპირ ინვესტიციებთან ერთად, დიდი პოტენციალი გააჩნია სწორი გამოყენების შემთხვევაში, საქართველოში შემოიტანოს ის know-how რომელიც ამავე დროს უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისათვის.

   გარდა ენერგომატარებლებისა, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიდროენერგეტიკის დარგშიც, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური სწორედ თურქული ინვესტიციით აშენდა. მაგალითად შუახევჰესი ან ფარავანჰესი.  თუმცა გარკვეული პრობლემები, მაგალითად გაუმჭვირვალე კონტრაქტები ან გამომუშავებული ენერგიის გადანაწილების საკითხები მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობაში და ორ ქვეყანას შორის ჰიდროენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება.

   საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა ასევე საკმაოდ დიდია სარკინიგზო კუთხითაც.  მაგალითად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელმაც ფუნქციონირება 2017 წელს დაიწყო, დიდ როლს ასრულებს ჩინეთიდან მომავალი ტვირთების გადაზიდვის საკითხში და ამგვარად, ჩინეთს და შუა აზიას, აკავშირებს როგორც თურქეთთან, ისე თურქეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საშუალებით, ევროპის კონტინენტთან.  ამის გამო, რკინიგზამ, განსაკუთრებით თურქულ წყაროებში, აბრეშუმის რკინიგზის მეტსახელიც შეიძინა.[3]

  ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, სატრანზიტო მნიშვნელობის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამო, როგორც თურქეთის, ისე აზერბაიჯანისათვის, საქართველო მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და ამგვარად, ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საინვესტიციო მიმართულებას წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში და ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარგებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდა უშუალოდ ინვესტიციებისა, თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით შესაძლებელია იმ ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერიც რომელიც ამ ქვეყნებში ისეთ დარგებში გააჩნიათ როგორიცაა ტექსტილის წარმოება ან ნავთობპროდუქტების გადამუშავება.

 ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექსტილის ინდუსტრია, რომელიც თურქეთში ერთერთ ყველაზე განვითარებულ დარგს წარმოადგენს და შესაბამისად, ქვეყანას ამ დარგში საკმაოდ დიდი ინდუსტრიული პოტენციალი და პროფესიონალური გამოცდილება გააჩნია. რომლებიც, სამომავლო პერსპექტივაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი ინდუსტრიული წარმადობის და გამოცდილების დანაკარგის შესავსებად საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება გამოდგეს და ამ მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია დაეხმაროს საქართველოს საკუთარი ტექსტილის ინდუსტრიის განვითარებაში.  აღსანიშნავია, რომ ამ დარგში თურქული ინვესტიციები აქტიურად შემოდის საქართველოში და უკვე მოქმედებს თურქული ინვესტიციით, სახელმწიფოს და ადგილობრივი ბიზნესმენების თანამშრომლობით გახსნილი სამკერვალო საწარმოები. რის მნიშვნელოვან მაგალითსაც წარმოადგენს მაგალითად  აჭარა ტექსტილი, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არაერთი სამკერვალო ფაბრიკა გააჩნია და ქართლი ტექსტილის სახელით, აღმოსავლეთ საქართველოშიც დაიწყო გაფართოება.[4]  თუმცა საწარმოო სფეროში თურქულ ინვესტიციებს გააჩნია დაბრკოლებებიც, რომლებიც მეტწილად თურქეთის ფაქტორითაა განპირობებული და პირდაპირ უკავშირდება თურქეთის შიდაპოლიტიკურ ფაქტორებს. მათ შორის ლირის კურსის ვარდნას და სირიელი და ავღანელი ლტოლვილების არაოფიციალურ დასაქმებას[5] რომლებმაც ის ფინანსური სარგებელი რაც საქართველოში არსებული გათვლებით თურქ ინვესტორებს უნდა ჰქონოდათ, მეტწილად გადაფარა.  თუმცა, ტექსტილის სფეროში არსებული პროფესიული ცოდნის მოზიდვის კუთხით, თურქეთი კვლავ ყველაზე რეალური პოტენციური ინვესტორი და პარტნიორია მისი ტერიტორიული სიახლოვიდან და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების გამო.

  კიდევ ერთ მნიშვნელოვან საწარმოო სფეროს, რაშიც აქტიურად შეიძლება თურქეთმა და საქართველომ ითანამშრომლონ და რასაც  დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებისათვის, კვების მრეწველობა წარმოადგენს. პირველ რიგში კი მეორე საფეხურის პროდუქციის, როგორიცაა კონსერვები, წვენები და სხვა, ინდუსტრიული წარმოება. ეს გარდა იმისა, რომ გაზრდის საქართველოში მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვითღირებულებას, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში იმ ინფრასტრუქტურის და გამოცდილების შექმნას, რომელიც დარგის სამომავლო განვითარებისათვის იქნება საჭირო.

   სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოს,თურქეთს და აზერბაიჯანს შორის პირველ რიგში ენერგეტიკულ და სატრანზიტო სფეროებში, მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს და მიუხედავად თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებებისა ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელობა, არსებული ენერგომატარებლების და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში შეიცვალოს.   ასევე უდიდეს მნიშვნელობას ატარებს გამოცდილების და ცოდნის გაზიარებაც, რომელიც დიდ მნიშვნელობას ატარებს საქართველოს ენერგეტიკული სფეროს განვითარებისათვის.

  საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის პოტენციური დეტალები კი ბევრად უფრო მომცველია და განსაკუთრებით მსუბუქი მრეწველობის და გადაზიდვების სფეროში ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ავტორი: დავით ცირდავა


[1] Oran, Baskın (Ed.) – Türk Dış Politikası (Cilt 1), İletişim Yayınları, 2002, გვ. 371

[2] https://www.jpost.com/middle-east/iran-news/iran-looks-to-political-gains-from-turkmenistan-azerbaijan-gas-deal-analysis-687405

[3] https://www.tcddtasimacilik.gov.tr/haber/611/

[4] https://report.ge/economics/kartli-tekstilshi-20-mln-laris-turkuli-investitsia-chaido/

[5] https://www.bloomberght.com/duzensiz-goclerle-kayit-disi-istihdam-yukseldi-2285882

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება