რეგიონული ტურნეს - „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“, შეჯამება, თბილისი

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > რეგიონული ტურნეს – „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“, შეჯამება, თბილისი

რეგიონული ტურნეს – „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“, შეჯამება, თბილისი

  • Posted by: Kati2022

როგორც მოგეხსენებათ, ბიზნესპალატამ, გასულ კვირას, წარმატებით განახორციელა რეგიონული ტურნე – „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“, რომლის მიზანი ადგილობრივი საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების საექსპორტო პოტენციალის იდენტიფიცირება და ხელშეწყობა იყო.

ტურნეს ფარგლებში, ბიზნესპალატის წარმომადგენლებმა საგნობრივი და ინტერაქციული შეხვედრები გამართეს საქართველოს ოთხ რეგიონულ ცენტრში.
3 აპრილს კი, თბილისში, ტურნეს შემაჯამებელი, ფინალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც რეგიონული შეხვედრების შედეგების ანალიზს და საქმიანი, სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას მიეძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრო-სექტორის წარმომადგენელი კომპანიები, რომელთაც გააჩნიათ მკაფიოდ გამოხატული ინტერესი და ტექნიკური მზაობა საექსპორტო ეტაპების გასავლელად.
ტურნეს ეფექტიანობის გასაზრდელად და კონკრეტული შედეგების მისაღწევად, ბიზნესპალატამ, ანონსის შესაბამისად, გალფის ქვეყნებიდან საგანგებოდ მოიწვია მსხვილი საექსპორტო, საინვესტიციო და სადისტრიბუციო კომპანიები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ, რომელმაც საუბრის ხაზი რეგიონული ტურნეს შედეგების მიმოხილვით განაგრძრო.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის საპატიო პრეზიდენტმა, ექსპორტიორი კომპანია „ოაზის ვერიტას“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე პოტიომკინმა. ბატონმა ალექსანდრემ ყურადღება ექსპორტის პრაქტიკულ, ლოგისტიკურ და საოპერაციო ასპექტებზე გაამახვილა.
შეხვედრაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ გალფის ქვეყნებიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები. მათ ისაუბრეს არაბულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრის, ნიშური პოზიციონირების და გალფის ბაზრების სპეციფიკური მოთხოვნების მნიშვნელობაზე.
აღსანიშნია, სტუმრების მხრიდან დეტალური პრეზენტაციის წარდგენა, რომელიც ექსპორტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი და პროცედურული გზის ვიზუალიზაციას მოიცავდა, თითოეული საექსპორტო სასასაქონლო კატეგორიის შემთხვევაში ცალკეული ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და ტექნიკური მახასიათებლების აღწერით.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დისკუსიას და თავისუფალ რეჟიმში ურთიერთშორის საქმიანი საუბრების წარმოებას დაეთმო. რა დროსაც, ადგილზე მყოფ ქართული კომპანიების წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარება გახდა შესაძლებელი, სადაც გამოიკვეთა თაფლის, წყლის, კენკრის, თხილეულის, ჩირეულის და ხორცპროდუქტების ექსპორტზე გატანის ინტერესი.
მთავარი ყურადღება აგრო მიმართულების პროდუქტებზე გამოვლინდა, თუმცა ბიზნესპალატა ცალკეულ ხელშემწყობ პოლიტიკას გეგმავს სხვა სფეროში მოღვაწე ჩვენი წევრი კომპანიებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ავეჯის კომპანია AG Team, რომელიც უმაღლესი ხარისხის და დახვეწილი დიზაინის ავეჯს აწარმოებს.
ბიზნესპალატის გუნდი გულწრფელ მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და მხარდამჭერს, რეგიონებსა თუ დედაქალაქში, ვინც ღონისძიების მიზანი გაიზიარა, მობრძანდა და ჩაერთო ბიზნეს-სექტორისთვის ამდენად მნიშვნელოვან პროექტში.
Author: Kati2022