აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის შეფასება თურქეთში მომხდარი მიწისძვრის სავაჭრო-ეკონომიკური ეფექტის თაობაზე

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის შეფასება თურქეთში მომხდარი მიწისძვრის სავაჭრო-ეკონომიკური ეფექტის თაობაზე

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის შეფასება თურქეთში მომხდარი მიწისძვრის სავაჭრო-ეკონომიკური ეფექტის თაობაზე

  • Posted by: Kati2022

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატას კიდევ ერთხელ სურს ღრმა მწუხარება გამოხატოს იმ ადამიანური დანაკარგის გამო, რომელიც  თურქეთის სახელმწიფომ და  მისმა მოქალაქეებმა მიიღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად.

ამასთან ერთად, როგორც ცნობილია, აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა მძიმე მატერიალური და ფინანსური დანაკარგები, რამაც შესაძლოა უარყოფითი ეფექტი გამოიწვიოს თურქეთის სახელმწიფოსა და თურქეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებში მყოფი ქვეყნების ეკონომიკაზე.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური აქვეყნებს, ამჟამინდელი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ეკონომიკური ზარალი, სავარაუდოდ, $1-დან $10 მილიარდამდეა. მონაცემების თანახმად, ზარალმა შესაძლოა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე შეადგინოს.

ასევე, უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა ჯეიჰანის საექსპორტო ტერმინალისკენ მიმავალი ნავთობის ნაკადები. ჯეიჰანის ნავთობის გაყიდვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კვანძია. პორტიდან მხოლოდ იანვარში დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გავიდა, რაც ნავთობის მსოფლიო მარაგის 1%-ს შეადგენს. ამ ამბებმა ხელი შეუწყო  ნავთობის გაძვირებას.

როგორც აღინიშნა, აღნიშნული შეფერხება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობს, რაც როგორც სავარაუდოა, დროებითი მოვლენაა. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდით, ფასის ზრდაც დროებითი მოვლენაა და ამ ფაქტმა შესაძლოა მოკლევადიანი, მცირე უარყოფითი ეფექტი იქონიოს ქართულ ბაზარზე შემომავალი ნავთობის ფასზე.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად, თურქეთის სულ მცირე ოთხი აეროპორტი: ადიამანის, კაჰრამანმარასის, მალათიისა და ჰათაის აეროპორტები დაზიანდა.  ასევე დაზიანდა ჰათაის პორტი, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური შეფერხებები იმ საერთაშორისო გადამზიდავი, სატრანსპორტო კომპანიებისათვისა და მათი მომხმარებლებისათვის.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, ჩამოინგრა 2818 შენობა, დაზიანებული შენობების რაოდენობა ამ დროისათვის არ ვრცელდება. სამაშველო ოპერაციების დასრულების შემდგომ თურქეთში დაიწყება აქტიური აღდგენითი სამუშაოები. გააქტიურდება და განსაკუთრებულ საწარმოო რეჟიმზე გადავა ის წარმოებები, რომლებიც აღდგენის პროცესისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, თურქეთიდან საქართველოში მრავალი დასახელების პროდუქციის ექსპორტი ხდება, თუმცა აზიისა და სპარსეთის ყურის ბიზნეს პალატაში არ ვვარაუდობთ, რომ თურქეთში მიმდინარე აღდგენის პროცესი რაიმე სახის პროდუქციის დეფიციტს გამოიწვევს.  პირიქით, ვფიქრობთ, რომ თურქეთში დაზარალებული ქალაქების სწრაფი აღდგენისათვის, გარდა შიდა არსებული საწარმოო რესურსებისა, მნიშვნელოვანი იქნება მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა და ხარისხიანი სამშენებლო მასალის სწრაფი და ეფექტიანი მიწოდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია დახმარება შევთავაზოთ თურქეთის მთავრობას, რაც შესაძლოა გამოიხატებოდეს ადგილობრივი სამშენებლო მასალების, მათ შორის ცემენტის, არმატურის და სხვა მასალის ექსპორტში.

ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვრჩებით ჩვენს თურქ მეგობრებთან და პარტნიორებთან და იმედს ვიტოვებთ, თურქეთის ეკონომიკა ძალიან მალე დაუბრუნდება ჩვეულ ნიშნულებს.

როგორც ცნობილია, რომ 5200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით დაშავდა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ თურქეთისა და სირიის სახელმწიფოებს და დაღუპულთა ოჯახებს.

 

 

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება