აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლები და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით ცირდავა დუბაიში Expo 2020-ის ფარგლებში იმყოფებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან ბიზნეს ღონისძიებებს ესწრებიან.
დაგეგმილი დღის წესრიგის გათვალისწინებით, ვიზიტი LATAM გლობალურ ბიზნესფორუმზე დასწრებით დაიწყო, რომლის მოტივიც ლათინური ამერიკის ეკონომიკაში საინვესტიციო პერსპექტივების გაცნობა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობის ახალი გზების შესწავლა იყო. აღნიშნული პლატფრომის ფარგლებში, ბიზნესპალატის დელეგაციამ შეხვედრები გამართა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების: ბრაზილიის, კოლუმბიის, არგენტინისა და ჩილეს წარმომადგენლებთან.
ამასთან, განხილვის საგანი იყო BCAGC-ს წევრი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციისა და ზოგადად ქართული საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, რაც სამომავლოდ ბაზრისა და ექსპორტის გაფართოებაზე დადებითად აისახება.
ცალკეული შეხვედრა შედგა დუბაის თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმომადგენლებთანაც, რა დროსაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. გაფართოებული შეხვედრების ფორმატიდან, განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა სინგაპურის, ინდოეთისა და გაერთიანებული არაბთა საამიროების ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან საქართველოში ბიზნესსაქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
მოხარული ვართ, რომ BCAGC აერთიანებს კომპანიებს როგორც საქართველოდან, ასევე გლობალური მასშტაბით. დუბაიში ვიზიტის ფარგლებში კი აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატისა და ზოგადად საქართველოს მიმართ ინტერესი, ასევე წევრთა ოდენობა, უფროდაუფრო იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი კონცეფციისა და სამომავლო მიზნების მართებულობაში.