მომავალი თაობების მხარდასაჭერად, ბიზნესს, გლობალურ ლიდერებს და საერთაშორისო საზოგადოებას აქვთ საერთო პასუხისმგებლობა გლობალურ არასტაბილურობაზე რეაგირებაში, ამ როლს BCAGC სრულად იაზრებს.
სწორედ ამ მიზნით, უკრაინის მხარდასაჭერად, სტამბულში გაიმართა ორ დღიანი გლობალური ეკონომიკური ფორუმი, სადაც შეიკრიბნენ მაღალი დონის პოლიტიკური, საჯარო სექტორის და ბიზნეს ლიდერები მთელი მსოფლიოდან. ფორუმზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკური ბალანსი უკრაინაში და მისი გაძლიერება, გლობალური თანამშრომლობა, მიწოდების ჯაჭვის გამოწვევების და მათი გადაჭრის გზები, ახალი სავაჭრო გზების განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება და სხვა.
BCAGC-ს ერგო პატივი, მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში. პალატიდან წარდგენილი იყო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა პირველი ვიცე პრეზიდენტი, ბატონი დავით ცირდავა.
ფორუმის ფარგლებში დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრები გამართა მსოფლიოს სხვადახვა ბიზნეს ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან, მათ შორის აღსანიშნავია, უკრაინის სავაჭრო სამრეწველო პალატა და თურქულ – უკრაინული საერთაშორისო ბიზნეს ასოციაცია. შეხვედრები წარმატებით დასრულდა, სადაც გამოიკვეთა საერთო მიზნები და ინტერესები. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე და ქვეყნების ბიზნეს სექტორების ეკონომიკურ დაახლოებაზე.
მსგავსი აქტივობები, როგორებიცაა უკრაინის მხარდასაჭერი ფორუმი, ხელს უწყობს სხვადასხვა იდეების გაერთიანებას და ფართო საზოგადოებისთვის სწორი მესიჯების მიწოდებას. აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა მადლოერებას გამოხატავს ორგანიზატორების მიმართ, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, რომელიც ემსახურება მშვიდობის დამყარებას უკრაინაში.