აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) მიერ განხორციელებულ კვლევაში ,,ქართული პროდუქციის ექსპორტის თანამედროვე მდგომარეობა GCC-ის ქვეყნებში და მათი სამომავლო პოტენციალი“ იდენტიფიცირდა ქართული აგროპროდუქტების წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორები და მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც წარმოადგენს GCC-ის ბაზარზე საქართველოს ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ მთავარ ბარიერს.
საქართველოს მთავრობის აგროპოლიტიკის ფარგლებში, არაერთი შედეგზე ფოკუსირებული პროგრამა შემუშავდა, რომელიც ემსახურება სასოფლო-სამეურნეო დარგის მოძლიერებას და ექსპორტის სტიმულირებას. ამ მიმართულებით ხაზგასასმელია „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ინიცირებული პროგრამები/პროექტები, რომელთა მეშვეობითაც მცირე და საშუალო ბიზნესსუბიექტებმა მნიშვნელოვანი სახელისუფლებო ხელშეწყობა მიიღეს.
სამთავრობო მხარდაჭერას თან ერთვის საქართველოში მოსახერხებელი კლიმატური პირობები, რომელიც იძლევა მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების საშუალებას, თუმცა ქართულ აგრო პროდუქტებს მაინც უჭირს კონკურენციის გაწევა საერთაშორისო ბაზრებზე. დაბალკონკურენტუნარიანობას განაპირობებს ისეთი გარემოებები როგორებიცაა: დაბალი მოსავლიანობა და მიწის მაღალი ფრაგმენტაცია, პროდუქციის ექსპორტზე გატანის გამოცდილების ნაკლებობა, პროდუქციის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ არაინფორმირებულობა , კაპიტალის სიმცირე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა სუსტი ჯაჭვი, გაუმართავი სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები და ხარისხიან ნედლეულზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ, მისი საქმიანობის კონცეფციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პრობლემატიკური საკითხების გადაჭრაში თავისი წვლილი შეიტანოს და კერძო სექტორიდან გააქტიუროს საკითხი. აქედან გამომდინარე, დაინიშნება აგრო კომიტეტის რიგგარეშე სხდომები, აგრეთვე, ამ მიმართულებით მოლაპარაკებების საფუძველზე, გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევა ესტონურ Visionest Institute– თან. ინტენსიური თანამშრომლობით იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა/ტრენინგები, ინდივიდუალური თუ ჯგუფური შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან, რაც ქართველ მეწარმეებს მისცემს ბრწყინვალე შესაძლებლობას მიიღონ მეტი ინფორმაცია საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნების, სტანდარტების, მიმდინარე ტენდენციების, კონკურენტული გარემოს წარმოებისთვის ღირებული ტექნიკური უნარებისა და ექსპორტისთვის საჭირო პროცესუალური მხარეების შესახებ.