განვითარებულია ეკონომიკა, რომელიც დივერსიფიცირებულია. რამდენადაც მრავალფეროვანია ეკონომიკური კომპონენტები მით უფრო მდგრადია სისტემა. საბაზრო ეკონომიკა პერიოდულად მიდრეკილია კრიზისებისკენ, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. კოვიდ 19-მა გლობალური ეკონომიკა შოკურ მდგომარეობაში დატოვა. რთული პროცესი დაამძიმა რუსეთის აგრესიამ უკრაინის მიმართ, რამაც ცენტრალური ევროპის რეგიონი მილიტარისტულ პოლიგონად აქცია და წარსულისგან კარდინალურად დიფერენცირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოცემულობა შექმნა მსოფლიოში. აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციებით გაცემულმა უალტერნატივო პასუხმა შექმნილი ვითარება მეტად კრიზისული გახადა. დღეს კარგად ჩანს, რომ სამომავლოდ საჭიროა განსხვავებული ეკონომიკური ბაზრები, რათა უკვე არსებული კრიზი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს და დაიწყოს გლობალური ეკონომიკის რეგენერაცია.წ
ინამდებარე ბლოგში მიმოვიხილავ ალტერნატიულ ეკონომიკურ სივრცეებს, რაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ქვეყნებს დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები განვითარების დინამიკით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებენ, რითაც განსაკუთრებულად საინტერესო ხდებიან გლობალურ ეკონომიკაში.„ერთი სარტყელი ერთი გზა“ (One Belt One Road) – ჩინეთის პრეზიდენტ სი-ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა.
„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. იგი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. აღნიშნული პროექტის მასშტაბები სცდება აზიის კონტინენტს, უკავშირდება სპარსეთის ყურის ქვეყნებს და მსოფლიოს დარჩენილ დიდ ნაწილს. „აზიური ვეფხვებისა“ და ჩინეთის ეკონომიკური პოტენციალი მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალია და აზიის რეგიონისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკური შესაძლებლობები მზარდი დინამიკით ხასიათდება.
„ერთი სარტყელი ერთი გზა“ საქართველოსა და მეზობელი სახელმწიფოებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩინეთი პირველ ნაბიჯებს დგამს რეგიონში ეკონომიკური დივერსიფიცირების პოლიტიკის ფარგლებში, შედეგად თუ ზემოხსენებული პროექტი წარმატებით განხორციელდება გაღრმავდება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა და ამას გარდა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს ექნებათ შანსი ჩაებან გლობალურ ეკონომიკურ ჯაჭვში, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული განვითარებულ აზიურ ბაზართან. შედეგად თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და, რა თქმა უნდა, საქართველო აზიური ბაზრის მრავალფეროვნებით წარმატებით შეძლებენ ეკონომიკური დივერსიფიცირების პოლიტიკის გატარებას.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აზიისა ეკონომიკური შესაძლებლობებით აქტიურადაა დაინტერესებული, რასაც მოწმობს 2018 წლის ჩინეთ-საქართველოს შეთანხმება „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელმაც ჩინეთთან მსგავს შეთანხმებას მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტს შეადგენს: მანქანები და მექანიზმები გადაადგილების ამოთხრის ან გაბურღვისთვის ($42.4 მლნ), ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან ($28.6 მლნ), ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები ($24.7 მლნ). საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქტების ძირითადი ელემენტებია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები ($395.7 მლნ), ძვირფასი ლითონების მადნები ($31.3 მლნ), სამედიცინო ხელსაწყოები ($15.2 მლნ).
აღმოსავლეთ ნახევარსფერო ეკონომიკური დივერსიფიცირების ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა მთელი მსოფლიოსთვის, პროცესი გრძელდება და ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიო დარჩენილი ნაწილი ჩინეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აზიურ ვეფხვებთან აქტიურ ეკონომიკურ ინტეგრაციის პროცესს განაგრძობს, რათა წარმატებით მოხდეს დივერსიფიკაციის პოლიტიკის განხორციელება. ეკონომიკური დივერსიფიცირების ჭრილში, აზიის ქვეყნებთან ერთად, აუცილებელია აფრიკის ეკონომიკური პოტენციალის მიმოხილვაც.
კლასიკური ევროპულ-ამერიკული და აზიური ბაზრების ერთ-ერთი ალტერნატივა ლათინური ამერიკაა. მექსიკა და კოლუმბია პოლიტიკური არასტაბილურობისა და კარტელური ბრძოლების შემდეგ ეკონომიკურად პროგრესირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლათინური ამერიკის პოლიტიკური სისტემები, დასავლეთისა და აზიის სახელმწიფოებისგან განსხვავებით არამდგრადობით ხასიათდება, ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფორმირებისას განვითარებული ქვეყნები ლათინური ამერიკის სახელმწიფოების მზარდი საშუალო კლასისა და ახალგაზრდა შრომისუნარიანი მოსახლეობის მიზეზით, რეგიონს ინტერესით აკვირდებიან.
ეკონომიკური განვითარებით ბრაზილია ლათინურ ამერიკაში მოწინავეა-სამთო, სოფლის მეურნეობის წარმოება, ძლიერი და სწრაფად მზარდი მომსახურების სექტორი. ბრაზილიაა წამყვანი მწარმოებელი მინერალების, მათ შორის რკინის მადნის, კალის, ბოქსიტის (ალუმინის საბადო), მანგანუმის, ოქროს, კვარცის და ბრილიანტებისა და სხვა ძვირფასი ქვებისა. ჩამოთვლილთან ერთად ექსპორტირდება ფოლადი , ავტომობილები, ელექტრონიკა და სამომხმარებლო საქონელი. მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალი, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია აშშ-ს, ჩინეთს, გერმანიას, იაპონიას, შვეიცარიას, გაერთიანებულ სამეფოს. მათი პოზიციები დიდია ქიმიურ, ფარმაცევტულ და ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში (განსაკუთრებით საავტომობილო მრეწველობაში), გემთმშენებლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ბრაზილიის ურთიერთობა 2010 წლიდან თბილისში ქვეყნის ელჩის დანიშვნით კიდევ უფრო გაღრმავდა, ამასთან ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს რიგ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმებსა და სხვა დიპლომატიური აქტივობებში.
ყურადღებას იმსახურებს რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი-თურქეთის და ლათინური ამერიკის მრავალმხრივი ურთიერთობები. წყალგამყოფ თარიღად შეგვიძლია ავიღოთ 2015 წელი, როდესაც ოფიციალურმა ანკარამ მექსიკის დედაქალაქში „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო“ (TIKA) გახსნა. აღნიშნული მიზნად ისახავდა თურქეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციას ლათინურ ამერიკასთან თანამშრომლობით. 2015 წლიდან თურქეთსა და ლათინურ ამერიკას შორის თანამშრომლობა მოიცავს 150-მდე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროექტს, მილიონობით დოლარს განათლების, ეკოლოგიის, ჰუმანიტარული დახმარებისა და ანკარის ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში. გამოსაყოფია ორი მხარის თანამშრომლობა აგროკულტურულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თუ 2006 წლისთვის თურქეთისა და ლათინური ამერიკის სავაჭრო ბრუნვა 3,6 მილიარდ დოლარს უდრიდა, 2016 წელს ორი მხარის ეკონომიკურ ურთიერთობებში სარეკორდო 9,2 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია გაიცვალა. ეკონომიკური ურთიერთობები 2021 წლისთვის 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს მოიცავს, რაც ორი მხარის ეკონომიკური თანამშრომლობის სტაბილურ ციფრად შეგვიძლია ჩავთვალოთ.ნახშირი, ბუნებრივი აირი და ნავთობი შეადგენს აფრიკის მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს. იმის გათვალისწინებით, რომ ტრადიციული ენერგორესურსები ამოწურვადობის ფაქტორის გათვალისწინებით აქტუალობას კარგავს ალტერნატიული ენერგიის, თუ ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით არაერთი სახელმწიფო „ენერგო ტრანზიციის“ აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ პროცესში ერთ-ერთი მხარე აფრიკის კონტინენტია, რომელმაც ალტერნატიული ენერგიის წყაროებით მთლიანი კონტინენტის ეკონომიკა 2050 წლისთვის, შესაძლოა 6-7% – ით გაზარდოს. აღნიშნული ფაქტი სახელმწიფოებს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცერების კონტექსტში, დიდ იმპულსს აძლევს.
აფრიკის განვითარების ბანკის ჯგუფები: AfDB-ს, აფრიკისა (ADF) და ნიგერიის (NTF) განვითარების ნდობის ფონდი ხელს უწყობს მისი 54 რეგიონული წევრი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მოტივირებულია მიიღოს ახალი ინვესტიციები მსოფლიო დანარჩენი ნაწილიდან. ამის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ენერგეტიკული რესურსები განსაკუთრებულად პრობლემატური გახდა, რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის შემდგომ, რამაც კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ საჭიროა ენერგო წყაროების გამრავალფეროვნება. აფრიკის კონტინენტი ალტერნატიული ენერგიის წარმოების პოტენციალით ერთ-ერთი მოწინავეა.
ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა აფრიკის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები განსხვავებული დინამიკით მიმდინარეობდა. 3 დეკადის განმავლობაში საქართველოში მუშაობდა 8 აფრიკული სახელმწიფოს ელჩი, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და აფრიკის ურთიერთობები განსაკუთრებულად 2012 წლიდან გაღრმავდა, რაც სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის წარგზავნით გამოიხატა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე ვკითხულობთ ურთიერთობები მოიცავს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და სხვა სფეროებს, ამას გარდა საქართველოს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციები, პირდაპირაა დაკავშირებული აფრიკისა რეგიონში აქტიურ ეკონომიკურ სამუშაოებთან, ეს ფაქტი კი მოწმობს, რომ ეკონომიკური დივერსიფიცირების ფორმატში საქართველო აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებთან თანამშრომლობას აქტიურად განიხილავს.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას აზერბაიჯანული მხარისა და აფრიკის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ორი მხარის სავაჭრო ურთიერთობების მოცულობა 2017 წლისთვის გახლდათ 7.16 მილიონ ამერიკული დოლარი. ამასთან, ხაზგასასმელია 2018 წლის იანვარი, როდესაც სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში შედგა შეხვედრა. ეს უკანასკნელი მიეძღვნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და ეკონომიკური დივერსიფიცირების პოლიტიკის შეუფერხებლად გატარებას. საქართველოს აზერბაიჯანსა და თურქეთს ინტერესი აფრიკის რეგიონის პრიორიტეზირებული აქვს. სამომავლოდ ბაზართა დივერსიფიცირების ჩარჩოებში ამ რეგიონთან ურთიერთობა ბევრად გაღრმავდება.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ კოვიდ პანდემიისა და რუსული აგრესიის კვალდაკვალ გლობალური ეკონომიკა მომავალ წლებში განსხვავებული იქნება. ცვლილებებზე ადაპტაცია განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებს სხვა დანარჩენთან ერთად აქტიური დივერსიფიკაციული პოლიტიკის გატარების შედეგად შეეძლებათ.
ავტორი: დავით ცირდავა