აზიის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ერთიანობა მიზანი და სამომავლო გამოწვევები

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > აზიის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ერთიანობა მიზანი და სამომავლო გამოწვევები

აზიის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ერთიანობა მიზანი და სამომავლო გამოწვევები

  • Posted by: Kati2022

შესავალი

აზია, როგორც კონტინენტი მდიდარი ისტორიული და ეკონომიკური წარსულით, ოცდამეერთე საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში დიდ როლს ასრულებს, მაგრამ კიდევ უფრო დიდია მისი სამომავლო პოტენციალი.  კონტინენტზე მდებარე ქვეყნებს შორის არიან როგორც უდიდესი სამრეწველო და ტექნოლოგიური ცენტრები, როგორებიც არიან ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, ისე ქვეყნები, რომლებიც პოტენციურად ფართო ბაზარს და ხელმისაწვდომი სამუშაო ძალის წყაროს შეადგენენ. ასეთი ქვეყნების მაგალითებად შეგვიძლია ინდოეთი, პაკისტანი ან ბანგლადეში მოვიაზროთ. მსოფლიოს ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესი ენერგორესურსების წყაროებიც – სპარსეთის ყურის ქვეყნებიც აზიაში მდებარეობს, ხოლო ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგად, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, განსაკუთრებით კი დუბაის საამირო, ამავე დროს საბანკო და ფინანსური სექტორის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ იქცა.  ეკონომიკური პოტენციალის და მისგან წარმოშობილი პოლიტიკური გავლენის დამსახურებით, აზიის ქვეყნებს შორის პოლიტიკური დაახლოება და მათი გლობალურ პოლიტიკურ არენაზე გააქტიურება არაერთი გლობალური პრობლემისათვის ალტერნატიული გამოსავლის ძებნის და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის ახალი მოდელების მნიშვნელოვან სავარაუდო წყაროდ შეიძლება იქცეს. რაც აზიის ქვეყნებს შორის არსებულ და სამომავლო პოლიტიკურ დაახლოებას დამატებით მნიშვნელობას სძენს.

ამ ჩანაწერის მიზანია დღეს აქტუალური საკითხები და გლობალური პრობლემები აზიის კონტინენტის პერსპექტივიდან მიმოიხილოს. მიზეზი ცალსახაა, საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც მიაკუთვნებენ როგორც ევროპას, ასევე აზიას. საქართველოს, გააჩნია თანმიმდევრული, გაცხადებული ოფიციალური პოზიცია  ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ხოლო აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის პოტენციალი ჯერჯერობით სრულად არ აქვს ათვისებული, რასაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზები გააჩნია. აზიის ქვეყნებს დღეს არაერთ გლობალურ პრობლემასთან უწევთ შეხება, ისეთთან როგორიცაა კონფლიქტი, ტერორიზმი, ეკონომიკური პრობლემები და სხვა, რომელთა მოგვარებაც მათი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის რეალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია. ამ ჩანაწერის თემასაც, პირველ რიგში აზიის კონტინენტის ეკონომიკური და სამშვიდობო გამოწვევების მიმოხილვა, მათი გადაჭრის გზები და ისტორიული პრეცენდენტები წარმოადგენს. რადგანაც პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზას მათი დროულად აღმოჩენა, განხილვა და შესაბამისი გამოსავლის მაქსიმალურად სწრაფად მოძიება წარმოადგენს.

აზიის ქვეყნების მდგომარეობა და გამოწვევები

აზიის ქვეყნებს შორის არსებული კონტრასტი ძალიან დიდია, კონტინენტი მოიცავს ქვეყნებს,  რომლებიც მოწინავე ადგილს იკავებენ სხვადასხვა ეკონომიკური ინდექსების სიებსა თუ ცხრილებში და ამგვარად მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკურ ძალებს წარმოადგენენ; ეს ქვეყნებია ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი. ამავე კონტინენტის მეორე მხარეს კი წარმოდგენილნი არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავღანეთი, კამბოჯა და ნეპალი.

აზიის სამხრეთ-დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა საშუალო-შემოსავლიანია – გარდა ისრაელის და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისა. ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნები დაბალ შემოსავლიანი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება (გარდა რუსეთისა). სამხრეთ აზიის ქვეყნების ერთი ნაწილიც ასევე დაბალ შემოსავლიან ქვეყნებად მიიჩნევა. ხოლო მათ შორის არსებული უთანასწორობა თანდათანობით იზრდება.  საინტერესოა თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ასეთი დიდი სხვაობა განვითარების დონეში ერთსა და იმავე კონტინენტზე? პასუხი მრავალმხრივია და ზოგ შემთხვევაში, ბუნდოვანიც. შესაძლოა, ეს კულტურას, რელიგიას, ტრადიციებს დავუკავშიროთ. ამიტომაც ისევ ეკონომიკას დავუბრუნდები. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყნებმა სხვადასხვა ეკონომიკური განვითარების გზა აირჩიეს. ზოგმა სოციალისტური, სხვებმა კი- კაპიტალისტური. შედარებისთვის, ამის მკაფიო მაგალითია ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. ცხადია, კაპიტალისტურმა სამხრეთ კორეამ დიდ წარმატებას მიაღწია. ჩინეთმაც, ე.წ. დენ სიაოპინის რეფორმების შედეგად, მოახდინა ეკონომიკის ტრანსფორმაცია და გადავიდა მეტწილად კაპიტალისტურ ეკონომიკურ მოდელზე, თუმცა სახელმწიფოს როლის გარკვეულწილად შენარჩუნებით.

რსებობს კი კონფლიქტების გადაჭრის გზები გარდა შეიარაღებული დაპირისპირებისა?

აზიის რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაჭრა საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს და თითოეული ეს კონფლიქტი მრავალგვერდიანი ნაშრომის თემაა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ირან-აშშ-ს კონფლიქტი სპარსეთის ყურის ტერიტორიაზე, რომლის მოგვარებაც, ქვეყნებს შორის იდეოლოგიური სხვაობების და გეოპოლიტიკურ ინტერესთა კონფლიქტის გამო ძალიან რთულია. თუმცა ამის მიუხედავად, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში მოხდა ისტორიული შემთხვევა – ირანსა და აშშ-ს შორის დაიდო ბირთვული იარაღის შეთანხმება,[1] რომელმაც, გარკვეულ მიზეზთა გამო, ეფექტური შედეგი ვერ მოიტანა. აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილებისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რადიკალური შეხედულებების გამო. დღეს კი, ჯო ბაიდენის მმართველობის პირობებში, საუბარი ისევ განახლდა ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე. აღსანიშნავია ირანსა და ჩინეთს შორის გაფორმებული 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიზანიც ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაა. ასევე, ის ფაქტიც, რომ ჩინეთი კრიტიკით გამოეხმაურა აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს.[2] მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ავღანეთის საკითხიც, რომელზეც ქვემოთ უფრო დაწვრილებით იქნება ყურადღება გამახვილებული. მნიშვნელოვანია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტიც. აზერბაიჯანისა და სომხეთის მთიანი ყარაბაღის ომი 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2020 წელს დასრულდა. ეკონომიკური უპირატესობიდან გამომდინარე აზერბაიჯანმა შეძლო, აღედგინა კონტროლი იმ ტერიტორიის დიდ ნაწილზე, რომელიც საერთაშორისო დონეზე მის ნაწილად არის აღიარებული, თუმცა ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ სომხური მხარის კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა კონფლიქტი დასრულებული არ არის სიუნიკის (ისტორიული ზანგეზურის) საკითხის და სხვა ფაქტორების გამო. საერთაშორისო დონეზე აქტიურად განიხილება თუ რა უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მომტანი. ამის საწინდარი დიალოგი და მშვიდობაზე ორიენტირებაა და ორივე მხარე ვალდებულია აღიაროს საწინააღმდეგო მხარე თანასწორ და ლეგიტიმურ ძალად. შესაძლოა, ასეთ დროს დიალოგზე საუბარს სკეპტიკურად შევხედოთ, თუმცა, საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაფერია შესაძლებელი. ამის მაგალითი ავღანეთის მდგომარეობაა, სადაც აშშ-ს მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, თალიბანმა კი ელვის სისწრაფით მოახერხა ძალაუფლების ხელში აღება. დღეს კი მათთან დიალოგზე საერთაშორისო საზოგადოება ღიად საუბრობს. შესაბამისად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა დაიწყონ საუბარი, ხშირად შეხვდებით აზერბაიჯანულ და თურქულ მედიაში ისეთ სტატიებს, სადაც საუბარია აზერბაიჯანის სტუმართმოყვარეობაზე, ტოლერანტობასა და უცხოს მიღებაზე, ირიბად კი სომხეთს გულისხმობენ. ეს შეიძლება აღვიქვათ მათ სურვილად, რომ სომხეთთან წამოიწყონ ურთიერთობების ნორმალიზება. ისტორიული წყენების დავიწყება აუცილებელია, ამის მაგალითს ევროპული სახელმწიფოები გვაძლევენ. ნდობის აღდგენის პირველი ნაბიჯები შესაძლოა იყოს სტუდენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ცნობილი სახეების ორმხრივი ვიზიტები, რაც ხელს შეუწყობს საერთო ნიადაგის მომზადებას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა აქტივობებით და პირდაპირი ინიციატივებით მოხდეს კულტურული დაახლოება, ისტორიული საერთო მახასიათებლების პოვნა და მასზე ღიად საუბარი.

რა თქმა უნდა, არ არსებობს კონფლიქტებისა და ომების გადაჭრის უებარი საშუალება, რადგანაც ომებს და კონფლიქტებს სხვადასხვა მიზეზები აქვთ და ყველა მათგანს ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება. თუმცა არსებობს მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზები, რომელიც ისტორიულად გამოცდილი, მნიშვნელოვანი და მიზანზე ორიენტირებულია. ესენია – საერთაშორისო მედიაცია, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების დახმარება, ეკონომიკური კავშირების დამყარება, რომლის დროსაც მთავარ როლს სხვადასხვა არასამთავრობო და არაკომერციული ეკონომიკური ორგანიზაციები და სუბიექტები ახორციელებენ. საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფლიქტია ისრაელი-პალესტინის დაპირისპირება, რომელიც მრავალშრიან მოვლენას წარმოადგენს და მხოლოდ სამხედრო გზით მისი გადაჭრა შეუძლებელია. ისრაელი და პალესტინა რესურსების მიხედვით ძალიან განსხვავებულია, ასევე განსხვავებულია მათი სამხედრო სტრატეგიებიც. შესაბამისად, შეიარაღებული კონფლიქტი არაფერს მოიტანს, გარდა მუდმივი დაძაბულობისა. ერთადერთი გამოსავალი დიალოგის გაგრძელებაა. ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების პოტენციალი არსებობდა წარსულშიც – იასირ არაფატის და იცხაკ რაბინის მმართველობის პერიოდში. ისინი მხარს უჭერდნენ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის არსსა და დიალოგის იდეას ისრაელის მთავრობისა და პალესტინელი ხალხის წარმომადგენლებს შორის. მან ფაქტობრივად, ნება დართო პალესტინელ ხალხს, რომ ეწარმოებინათ დიალოგი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დიალოგის გზით გადაჭრის იდეა რეალურია, თუმცა მას წინ ეღობება ისეთი პრობლემები, როგორიცაა ორივე მხარეს არსებული რადიკალიზმი საზოგადოებაში და რელიგიური თუ ნაციონალისტური პოპულიზმი, რომელიც საკმაოდ ფეხგადგმულია ორივე მხარეს.

მედიაცია

წარმატებული მედიაციის ფაქტები ბევრია მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის მიღწევა სულაც არაა შეუძლებელი აზიის რეგიონშიც. აზიის რეგიონში მედიაციის წარმატებულ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს, მართალია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ბოლო დროინდელი საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ტყვეების გაცვლასგულისხმობდა დასაქართველოს მედიაციის საშუალებით, წარმატებით მოხერხდა 2021 წლის ზაფხულში. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი კონფლიქტების დროს საქართველოს ან სხვა ნეიტრალური ქვეყნების დახმარებით სხვადასხვა პრობლემის მოგვარება შესაძლებელი და რეალისტურია.

ორგანიზაციები

რა როლი აკისრიათ რეგიონალურ ორგანიზაციებს კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების პროცესში? გლობალიზაციის ეპოქაში, თითქოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ კონფლიქტების მოგვარების საკითხში. მაგალითად, გაერო ღიად აფიქსირებს იმ როლს რომელიც მას აკისრია სხვადასხვა საერთაშორისო კონფლიქტის გადაჭრაში, ასევე პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას “ASEAN” აქვს ამბიცია, რომ შეასრულოს კონტინენტზე მშვიდობისმყოფელის როლი. მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესპალატის თანამშრომლობა მსგავსი მიზნებით გაერთიანებულ ორგანიზაციებთან.  ობიექტურობისთვის, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ყოველთვის არ არის შედეგიანი სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს მიზეზები შეიძლება იყოს ფასეულობებს შორის სხვაობა – რეგიონულ ორგანიზაციებში არსებობს პოლიტიკური განსხვავებები. ხშირად რელიგიური, ეთნიკური და კულტურული თავისებურებები წარმოადგენს დიდ ბარიერებს ურთიერთობების პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკმაოდ ხშირად, ის ფაქტი რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ ეფექტური ბერკეტები დაარწმუნონ ინდივიდუალური ქვეყნები საკუთარი რეკომენდაციების ეფექტურობაში, ამ უკანასკნელთა შესაძლებლობებს ეფექტურად მოაგვარონ ესა თუ კონფლიქტი, საკმაოდ ასუსტებს. ამ პრობლემების  გადაჭრა შესაძლებელია და  ამისათვის საკმაოდ აქტიურად მუშაობენ, დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაქვემდებარებული პატარა ორგანიზაციებიდა სხვა დამოუკიდებელი სუბიექტები. მაგალითად, ევროკავშირის ახალგაზრდული პროექტები (ERASMUS +) საშუალებას აძლევს მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს, რომ გაიცნონ ერთმანეთი, გაუზიარონ უცხოელებს საკუთარი კულტურა, ტრადიციები, ეროვნული მახასიათებლები, ეს კი ზემოხსენებულ ბარიერს მნიშვნელოვნად ანგრევს. ასეთი პროექტები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეროვნულად, კულტურულად თუ ეთნიკურად ძალიან განსხავებულ აზიის რეგიონში. აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდული პროექტი სახელად “განათლებული ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესისათვის”. ეკონომიკური ინტერესები მნიშვნელოვანი მოტივატორია განვითარების გზაზე. ამიტომ ეს პროექტი რეგიონის მასშტაბის მოახდენს ახალგაზრდების დაახლოებასა და ინტერესის გაზრდას ერთმანეთისადმი. ჩვენი ორგანიზაცია ამ მიზნის მიღწევასშეძლებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID, GIZ, EBRD) დახმარებით საგანმანათლებლო და საინვესტიციო პროგრამების მეშვეობით.

მსგავს პროექტს წარმოადგენს 2022 წლის 21 მარტს დაგეგმილი ფესტივალი „გაზაფხული აბრეშუმის გზაზე“, რომელიც ხორციელდება აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მიერ. ფესტივალს ეწვევიან აზიის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები – საელჩოები. ღონისძიება საშუალებას მისცემს სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომ წარმოაჩინონ საკუთარი კულტურა, მახასიათებლები, ეკონომიკური პოტენციალი, გაუზიარონ ერთმანეთს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის შესაძლებლობები ქვეყნებს შორის. ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და მის გაზრდას. ტურიზმი ხომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა. არსებობს ასეთი გამოთქმა – „თითოეული ადამიანი საკუთარი ქვეყნის ელჩია“. ტურიზმის პოპულარიზაცია ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ეს ფესტივალიწარმოადგენს  ახალ, უნიკალურ იდეას და პროექტს, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს აზიის ქვეყნებს შორის დაახლოებას, მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაფართოებას და სხვადასხვა ქვეყნების კულტურის, ეკონომიკის და ზოგადი თავისებურებების ერთმანეთისთვის გაცნობას. ეს და სხვა მსგავსი ღონისძიებები კი პირველი ნაბიჯია კონფლიქტებისა თუ დაძაბულობების აღმოსაფხვრელად რეგიონში.

ეკონომიკა

ჩინეთი მსოფლიოს ექსპორტიორი ქვეყნების სიაში პირველ ადგილს იკავებს. ჩინეთისთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორები კი იაპონია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, მალაიზია, სინგაპური, ფილიპინები და ინდონეზია არიან. გარდა ამისა, ჩინეთი წარმოადგენს მსოფლიოს ერთერთ უმსხვილეს ექსპორტიორს, რომლის როლიც არაერთი ქვეყნის საიმპორტო სალდოში ძალიან დიდია. სავაჭრო ურთიერთობები ამ ქვეყნების ორმხრივი კავშირის მნიშვნელოვანი ნაწილია და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა, რომ შეინარჩუნონ ჯანსაღი დიპლომატიური ურთიერთობები ერთმანეთთან. ასევე საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი დიდი ხანია, რაც პირველობისთვის ერთმანეთს ექიშპებიან. ამის მიუხედავად, არც ერთ ქვეყანას არ აწყობს, რომ მათ შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს საფრთხე შეექმნას; მიზეზი კი მარტივია – ამერიკას ძალიან იაფი უჯდება საკუთარი პროდუქციის წარმოება ჩინეთში – იქნება ეს „ეფლი“, „ტაისონი“, „პალმოლივი“ თუ „ეივონი“. ჩინეთისთვის კი ურთიერთობების გაფუჭებით დიდი ინვესტიციების დაკარგვა კატასტროფულად წამგებიანი იქნება.ეს ერთ-ერთი მარტივი მაგალითია თუ რატომ არის აუცილებელი ქვეყნებს შორის საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება.

ავღანეთის საკითხი – დაუსრულებელი პრობლემა თუ ახალი შესაძლებლობები?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა თავისი ოცწლიანი ომი ავღანეთში, რის შემდეგაც თალიბანმა ძალიან სწრაფად დაამყარა კონტროლი. რაც, გარკვეულ წრეებში სერიოზული უიმედობის მიზეზიც გახდა, ტრილიონობით დოლარის რესურსი დაიხარჯა ავღანეთის დემოკრატიზაციის პროცესისთვის, შეიარაღებული ძალების აღჭურვის თუ პოლიტიკური პროცესების განვითარებისათვის, თუმცა, შესაბამისი შედეგის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა, მეტიც, სრულიად უბრძოლველად დანებდა მოწინააღმდეგეს ხსენებული მხარე. რას ნიშნავს ეს მომავლისთვის? მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად მიღებული მიღწევების დაკარგვას თუ იმის ნიშანია, რომ აშშს ავღანურ პოლიტიკას გააჩნდა ხარვეზები, რომლებმაც საბოლოოდ, აშშს მხარდაჭერის გარეშე ავღანეთის ხელისუფლების და სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირება შეუძლებელი გახადა?

მართლაც, ამერიკამ და მისმა პარტნიორებმა დატოვა ავღანეთი, თალიბანის გამარჯვება არაერთი ავღანელის თუ უცხოელისათვის უდიდეს იმედგაცრუებად იქცა და შოკური ეფექტი იქონია, თუმცა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირებამ, თალიბანის მოქმედებებმა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული რეალობა, თუკი როგორც თალიბანის ხელისუფლება, ისე საერთაშორისო საზოგადოება ამისათვის საჭირო პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს.

ამ ურთულესი სიტუაციის მიუხედავად, ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება ძნელია, მაგრამ ერთადერთი გზა ისევ და ისევ რაციონალურად აზროვნება და გამოსავლის ძიებაა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი გამოსავალიმომავლის განჭვრეტასა და საკითხების გლობალურად აღქმაშია. ამ ყოველივეს შეგვიძლია ვუწოდოთ „დიალოგი და განვითარება“.

ეს თემა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისათვის მნიშვნელოვან განსჯის საგანს წარმოადგენს. ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ პირველი ნაბიჯი ავღანეთზე სანქციების დაკისრება უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვიდობიანი „დასჯის“ საკმაოდ შედეგიანი მეთოდია, ასეთ შემთხვევებში ძირითადი წნეხი მაინც ღარიბ მოსახლეობაზე მოდის. ხელისუფლებები კი ისევ განაგრძობენ თვითნებურ და ირაციონალურ მოქმედებებს. ამასთანავე, სანქციების ეფექტურობას მკვეთრად ამცირებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ახალი ბაზრების აღმოცენება, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური სისტემისაგან მნიშვნელოვან დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, იმ ქვეყნებს, რომლებსაც სანქციების წინაშე უწევთ დარჩენა, აძლევს ალტერნატიული ეკონომიკური პარტნიორების მოძიების საშუალებას. ეს კი თავის მხრივ, ამ ქვეყნების ხელისუფლებების პოლიტიკური არსებობის გაგრძელების საშუალებას აძლევს. ჩინეთის ან ინდოეთის მასშტაბის მქონე ქვეყნებს, დასავლეთი იგივე ავღანეთის ან ირანის საწინააღმდეგო სანქციების დარღვევისათვის სანქციას იოლად ვერ დაუწესებს, რადგანაც ამით თავადაც ძალიან დაზარალდება.  ამიტომაც, სანქციების ეფექტურობა შეიძლება საკმაოდ სკეპტიკურადაც შეფასდეს. მეორე გზა კი ისევ და ისევ დიალოგის წამოწყებაა. ძალიან რთულია რომ პირველ რიგში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა და აშშ-მ პირდაპირი მშვიდობიანი დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინონთალიბანთან, ეს თითქმის შეუძლებელია ამ ქვეყნების პოლიტიკური და იდეოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამ დეტალების გვერდის ასავლელად არსებობს სწორედ სხვადასხვა გზები, როგორიცაა მედიაცია, საერთაშორისო, რეგიონალური ორგანიზაციები და სხვ.

მართლაც, აზია რამდენადაც საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავალმხრივ მდიდარი რეგიონია, იმდენადვეექსტრემალური, ფაქიზი და საფრთხილოა. ეს კონტინენტი, სამწუხაროდ, მოწმეა მრავალი ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური კრიზისისა როგორც წარსულში, ისე აწმყოში და, სამწუხაროდ, მომავალშიც. მიუხედავად იმისა, რომ დიდი პასუხისმგებლობა, მაგალითად, ავღანეთთან დაკავშირებით, ეკისრება თალიბანის აწ უკვე ხელისუფლებას, ასევე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვა საერთაშორისო პარტნიორებსა თუ რეგიონალურ ორგანიზაციებს. თითოეულმა ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უმძიმესი ან უკეთესი შედეგები მოიტანოს როგორც თითოეული ქვეყნისათვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის თუ მსოფლიოსთვის.

შეიძლება ითქვას რომ აზიის რეგიონის ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები და კონფლიქტები საკმაოდ ყურადსაღებია. პრობლემაზე ორიენტირება კი გამოსავლის პოვნის ერთადერთი საშუალებაა. ცხადია, დღევანდელი აზიის მთავარი პრობლემა ჰუმანიტარული კრიზისებია – შეიარაღებული კონფლიქტები, ეპიდემიები, შიმშილი, სტიქიური უბედურებები და სხვა. კონკრეტულად კი ავღანეთისა და იემენის ჰუმანიტარული კრიზისები, მიანმარის შიდა დაპირისპირება, ყარაბაღის კონფლიქტი, სირიისა და ლიბანის კრიზისები და ა.შ. ამ საკითხების მოგვარებისთვის კი ერთადერთი გამოსავალი მედიაცია, ეკონომიკური მხარდაჭერა და რეგიონის ერთიანობაა. იმ შემთხვევაში, თუ კი ეს ყველაფერი არადამაჯერებლად მოგეჩვენებათ, აუცილებლად გაიხსენეთ ევროპის ურთულესი ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ერთმანეთის მხარდაჭერით ძალიან მალე აღორძინებული კონტინენტი. საერთო მიზნისა და სურვილის არსებობის შედეგად, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასაც გააჩნია ევროკავშირის მსგავსი ერთიანობის შექმნის პოტენციალი. დღესდღეობით ევროკავშირი არის ადგილი, სადაც დაგროვებულ რესურსებსა და ცოდნას ერთმანეთს დაბრკოლებების გარეშე უზიარებენ. ახერხებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებმა უფასოდ ისწავლონ მეზობელ ქვეყნებში, იმოგზაურონ, დასაქმდნენ, თუმცა ამასთან ერთად არ დაკარგონ საკუთარი იდენტობა და ინდივიდუალურობა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი გლობალიზაციის ერთგვარი შედეგია, თითოეულ ქვეყანას გააჩნია საკუთარი ენა, იდენტობა, კულტურა, რელიგია და სხვა მახასიათებლები. სწორედ ამიტომაა ეს ქვეყნები მიმზიდველი და საინტერესო მთელი მსოფლიოსათვის. მსგავსი ერთობის შექმნა კი ჩვენს რეგიონში აუცილებელი და გარდაუვალია ახლო მომავალში.

ავტორი: დავით ცირდავა


[1]https://obamawhitehouse.archives.gov/the-press-office/2015/07/14/statement-president-iran

[2] https://www.radiotavisupleba.ge/a/31655748.html?fbclid=IwAR0XOjOG43r_ys_GTza0O3_-2eDtmvd9G2qjf2FDzjQ3pH-KGpVP3ZtABd4

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება