საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები ,,ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებამდე, გაფორმებისას და გაფორმების შემდგომ

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > ბლოგი > საქართველო – არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები ,,ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებამდე, გაფორმებისას და გაფორმების შემდგომ

საქართველო – არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები ,,ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებამდე, გაფორმებისას და გაფორმების შემდგომ

  • Posted by: Kati2022
Relations between Georgia and the United Arab Emirates

საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატიური და ორმხრივი ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დამყარდა, რომელიც აქტიურ ფაზაში 2006 წლიდან გადავიდა. ურთიერთობების გააქტიურება გამოიხატა ასევე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით UAE-დან.  2006 წლიდან დღემდე ინვესტირების ოდენობა 1 მილიარდ დოლარზე მეტია, რომელიც უძრავი ქონებისა და  საცალო ვაჭრობის სექტორებს ფარავს. ‘’Dhabi Group“ და ‘’RAKIA’’ ემირატების ორი უმსხვილესი კომპანიაა, რომლებმაც საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები განახორციელეს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველმხრივ ცდილობს შექმნას სხვა სფეროებშიც ინვესტირების დამატებითი შესაძლებლობები. ამ მხრივ ფრიად გამოსარჩევია მისი ძალისხმევა საქართველოდან მინერალური და ბუნებრივი წყლის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის საქმეში. აღნიშნული ძალისხმევის შედეგად 2022 წლის თებერვლიდან ქართულმა კომპანია ‘’Heathy Water Inc’’-მა დაიწყო თავისი პროდუქციის, კერძოდ, არაგაზირებული, ნატურალური, მინერალური წყლის გაყიდვები საამიროების კომპანია „Union Coop Dubai“-ის სავაჭრო ქსელში, ხოლო 2023 წლის 21 თებერვლიდან სპარსეთის ყურის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის „Lulu“-ს ყველა მსხვილ სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილია ქართული მინერალური წყალი ,,ნაბეღლავი“.

საქართველოსა და ემირატებს შორის გაძლიერებულ კავშირზე მეტყველებს აგრეთვე კომერციული საჰაერო მიმოსვლის მზარდი ტენდენცია, ვინაიდან თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან UAE-ის მიმართულებით კვირაში 60 – მდე რეისი სრულდება.

საგარეო ურთიერთობების ციკლის მიმდინარეობისას ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ერთობლივი საბჭო. პოლიტიკური კონსულტაციების პირველი შეხვედრა  გაიმართა 2019 წლის აპრილში აბუ დაბიში, რომლის შემდგომაც ორ ქვეყანას შორის აქტიურად დაიწყო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან დღემდე თანამშრომლობის გაღრმავება-გაძლიერებაში ინტენსიურად მონაწილეობს  საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, თავდაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ემირატების ეკონომიკის მინისტრებმა 2020 წლის დეკემბერში მიიღეს გადაწყვეტილება ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ,,ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მიღწევამდე და უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში არსებული ურთიერთობების გარდამტეხ მოვლენებზე ქრონოლოგიურად.

 2020 წ. 10 სექტემბერი – საქართველოს ელჩის პაატა კალანდაძის შეხვედრა დუბაის საინვესტიციო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ ხალიფა ალ დაბუუსსთან ICD-ის შტაბ-ბინაში.   ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მიღწეულ იქნა შეთანხმება საელჩოსა და ICD-ის შორის კომუნიკაციის ინტენსიურ ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

 

საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები

 

 2020 წ. 30 სექტემბერი – საქართველოს ელჩს პაატა კალანდაძესა და რას ელ ხაიმის საამიროს სავაჭრო პალატის გენერალურ დირექტორს ბატონ მუჰამედ ალი ნუსაბაჰ ალნაიმს შორის გაიმართა შეხვედრა ,,ონლაინ ფორმატში“, რომელმაც დაადასტურა საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის მზაობა.

  2020 წ. 12 ოქტომბერი – საქართველოს ელჩის პაატა კალანდაძის ,,ონლაინ’’ შეხვედრა დუბაის საამიროს სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან, ბატონ ჰამად ბუამიმთან და ფუჯეირას საამიროს კომერციის პალატის გენერალურ დირექტორთან ბატონ ხალიდ მოჰამედ ალ ჯასიმთან. დუბაის საამიროსა და საქართველოს კომერციულ წრეებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობების განმტკიცების მიზნით მიღწეულ იქნა შეთანხმება დუბაის სავაჭრო პალატის ხელმღვანელობისა და მისი წევრების მომავალ წელს საქართველოში ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ფუჯეირას საამიროსა და საქართველოს კომერციული წრეების  თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მხარეები შეთანხმდნენ საწყის ეტაპზე პალატასა და საელჩოს შორის პირდაპირი კომუნიკაციის გააქტიურებასა და ფუჯეირას კომერციის პალატის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაზე (ხსენებული საამიროს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსთან 2019 წლის მაჩვენებლებით  შეადგენს  11.5 მილიონი დირჰამს).

2020 წ. 10 დეკემბერი –  საქართველოს ელჩის პაატა კალანდაძის დისტანციური შეხვედრა დუბაის სილიკონის ოაზისის მმართველობის (Dubai Silicon Oasis Authority) ვიცე-პრეზიდენტთან, ამავდროულად მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ მოჰამედ ალ ზარუნისთან.

2021 წ.  19 იანვარი –  საქართველოს ელჩს პაატა კალანდაძესა და კომპანია „Lulu Group International“-ის თავმჯდომარე (ამავდროულად აღმასრულებელი დირექტორი)  ბატონ იუსუფ ალის შორის გაიმართა დისტანციური შეხვედრა. თანამშრომლობის რეალური, ორმხრივი დაინტერესებიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე.  „Lulu Group International“-ი გახლავთ აზიაში ერთ-ერთი უდიდესი საცალო ქსელი (193 სავაჭრო ობიექტი). კვლევითი ფირმა „Deloitte“-მა „Lulu Group International“-ი მსოფლიოს 50 ყველაზე სწრაფად მზარდ საცალო სავაჭრო კომპანიებს შორის დაასახელა.

2021 წ. 7 თებერვალი – საქართველოს ელჩს პაატა კალანდაძესა და კომპანია  „DAMAC Properties“-ის ვიცე-პრეზიდენტ მოჰამად ბაიდუნს შორის შედგა შეხვედრა დისტანციურ ფორმატში. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კომპანია, რომელიც 2002 წელს არის დაარსებული, გახლავთ  რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანია, რომელიც  ახორციელებს პროექტებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა დუბაი, აბუ-დაბი, დოჰა, ამანი, ბეირუთი, რიადი და ლონდონი.  საუბრისას, მიღწეულ იქნა ურთიერთგაგება საელჩოსა და  „DAMAC Properties“-ის შორის საქმიანი კომუნიკაციის გაგრძელების თაობაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს ხსენებული კომპანიის დაინტერესება საქართველოში თავისი საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით.

  1. წ. 2 მარტი – საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ გამართა შეხვედრა კომპანია „Spinneys LLC“-ის გენერალურ მენეჯერთან ტომ ჰარვეისთან. ხსენებული კომპანია გახლავთ ერთ-ერთი უძველესი საცალო სავაჭრო ქსელი ყურის ქვეყნებში, რომელიც ე.წ. „Premium Brand“-ის კატეგორიას განეკუთვნება. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებელი თანამშრომლობის გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხსენებული კომპანიის სავაჭრო ქსელში საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების გავრცელებას.

2021 წ. 28 მარტს 28 მარტი –  საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ბატონ ელჩსა და კომპანია „GRAY MACKENZIE & PARTNERS“-ის გენერალურ მენეჯერს ბატონ საი მანოჰარსა და ამავე კომპანიის სავაჭრო მენეჯერთან ბატონ სანდიიპ სატიისთან. ხაზგასასმელია, რომ კომპანია „GRAY MACKENZIE & PARTNERS“, რომელიც საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს  ჯგუფს „ADMMI“-ს განეკუთვნება, ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ მოთამაშედ ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციაში ყურის ქვეყნების მასშტაბით. შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა სტუმრებს გააცნო საქართველოს  ალკოჰოლური სასმელების თანამედროვე ინდუსტრია. ქართული წარმოების ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, ბატონმა პ. კალანდაძემ, ისაუბრა ხსენებულ კომპანიასა და ქართული კომპანიის შორის საქმიანი კონტაქტების დამყარების მიზანშეწონილობაზეც, რაც „GRAY MACKENZIE & PARTNERS“- წარმომადგენელების მიერ მხარდაჭერილი იქნა. შესაბამისად, მხარეების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკრეტული, ერთობლივი ნაბიჯების შესახებ, რამაც ქართული ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ ბაზარზე უფრო მრავალფეროვნად წარმოჩენას ხელი უნდა შეუწყოს.

 2021 წ. 17 მაისი –  საქართველომ მონაწილეობა მიიღო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „ATM DUBAI“-ში. გამოფენაზე ქართული მხარე წარმოდგენილი იყო  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და კერძო ტურისტული კომპანიების (WST Georgia , Guide of Georgia, Georgian Holidays , Voyager , Travel to Georgia 2010 , Arrival DMC, The Biltmore Hotel) სახით.

 2021 წ. 2 ივნისი – ქ. დუბაიში შედგა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დელეგაციის, სააგენტოს დირექტორის ბ-ნი მიხეილ ხიდურელის და დირექტორის მოადგილის ბ-ნი თორნიკე ზირაქიშვილის ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილსამყოფელი ქვეყნის სხვადასხვა პროფილის მსხვილ კომპანიებთან შეხვედრას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით. ვიზიტი ორგანიზებული იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს მიერ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აბუ-დაბის საამიროს ისეთ მნიშვნელოვან სამშენებლო, დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიასთან, როგორიც არის ‘’ALDAR Properties“. შეთანხმდა, რომ მხარეებს შორის საქმიანი კომუნიკაცია გაგრძელდება.

2021 წ. 13 ოქტომბერი –  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალა“-ს წევრი კომპანია „მასდარ“-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხები განიხილეს. კომპანია „მასდარ“-ი განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

 2021 წ. 19 სექტემბერი – აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ორგანიზებით დუბაიში ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელსაც დაესწრო სხვადასხვა აზიური კომპანიის, ფონდის, ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, არსებული საინვესტიციო გარემო და პერსპექტივები, ამასთანავე, სავაჭრო საკითხები და საქართველოში კაპიტალდაბანდების დადებითი მხარეები. ღონისძიებაზე დამსწრე კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ დისკუსიისა და დიალოგის ფარგლებში ერთმანეთში განეხილათ მათთვის საინტერესო ბიზნეს საკითხები და დაესახათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნები.

2021 წ. 27 ოქტომბერი –  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩი შეხვდა კომპანია „K.M. Trading Group“-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბ-ონ მოჰამმედ კორაზს, რომელიც ამავდროულად კომპანიის დამაარსებელი და მფლობელი გახლავთ. ხსენებული კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მოქმედებს 1973 წლიდან, გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი საცალო სავაჭრო ქსელი (”K.M. Trading“, “Al Safa Supermarket”, “Safa Express“). კომპანია ასევე ოპერირებს ომანის სასულთნოში „Safa“-ს ბრენდით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ხსენებული კომპანიის სავაჭრო ქსელში ქართული წარმოების საკვები პროდუქციის განთავსების საკითხი, რასთანაც დაკავშირებით შეთანხმებულ იქნა ერთობლივი სამოქმედო გეგემა.

2021 წ. 9 დეკემბერი –  შედგა ქართველი მეწარმეების დებიუტი დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გამართულ ახლო აღმოსავლეთის ორგანული და ბუნებრივი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე.

2021 წ. 16  დეკემბერი – საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე ესტუმრა „Expo-2020“-ის ტერიტორიაზე მდებარე კომპანია „DP World“-ის პავილიონს. ხსენებული კომპანია გახლავთ არაბთა გაერთიანებული საამიროების მრავალფუნქციური ლოგისტიკური კომპანია, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში. კომპანიის სპეციალიზაციაში შედის ტვირთების მომსახურება, პორტებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონების მართვა.  „DP World“-ი ყოველწლიურად ახორციელებს 70 მილიონ კონტეინერის გადაზიდვას, რაც გლობალური მასშტაბით კონტეინერების გადაზიდვის 10%-ს შეადგენს. კომპანია მართავს 82 საზღვაო ტერმინალს, რომლებიც წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა კომპანია „DP World“-ის თავმჯდომარესთან ბატონ სულთან აჰმედ ბინ სულაიემთან. მხარეებმა ისაუბრეს კომპანიასა და საქართველოს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხებზე.

2022 წ. 1 თებერვალი – საქართველოს ელჩი ესტუმრა არაბთა გაერთიანებული საამიროების კომერციისა და ინდუსტრიის პალატების ფედერაციას, სადაც მას მასპინძლობა გაუწია ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰუმაიდ ბენ სალემმა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, რომლისთვისაც გადაწყდა საქართველო-საამიროების ბიზნეს საბჭოს დაარსება.

2022 წ. 10 მარტი –  საქართველოს ელჩი ესტუმრა „ხალიფას ინდუსტრიულ ზონა (KIZAD)“-ს, სადაც მას მასპინძლობა გაუწია კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აბდულა ალ ჰამელიმ.  აღსანიშნავია, რომ „ხალიფას ინდუსტრიულ ზონა (KIZAD)“, რომელიც 2010 წელს კომპანია „Abu Dhabi Ports“-მა  დაარსა, გახლავთ ქვეყნის პირველი ინდუსტრიული, თავისუფალი ზონა, რომელიც  უცხოელ ინვესტორებს 100 %-იან საკუთრებას სთავაზობს. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა KIZAD-სა და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.

2022 წ. 16 ივნისი –  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ჰოლდინგის „Mawarid Holding Investment“ წარმომადგენლებს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა განიხილეს სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობების საკითხები. ჰოლდინგი „Mawarid Holding Investment“ 10 კომპანიის გაერთიანებას წარმოადგენს და ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობა და ცხოველთა საკვების წარმოებაა. ჰოლდინგი, რომელშიც 15 ათასი ადამიანია დასაქმებული, აქტიურადაა ჩართული საამიროების სურსათის უსაფრთხოების ეროვნული პროგრამის შესრულებაში.  გიორგი ხანიშვილმა „Mawarid Holding Investment“-ის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება მეცხოველეობის, ბაგური მეცხვარეობის და მარცვლეული კულტურების განვითარების პოტენციალზე გაამახვილა.

2022 წ. 21 ივნისი – არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალურ ეროვნულ საბჭოსთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა და ჯგუფის წევრებმა, კოლეგებთან ონლაინ ფორმატში დისტანციური შეხვედრა გამართეს. მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო კონტაქტების გაძლიერებისა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ახლო მომავალში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივებზე. ქართული მხარე მოტივირებულია ეკონომიკური დიპლომატიის უფრო მეტად გააქტიურებისკენ, რადგან სავაჭრო ურთიერთობების კუთხით ემირატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ექვსეულში შედის.

2022 წ. 13 სექტემბერი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არაბული ინვესტიციებით დაფინანსებული მზარდი რაოდენობის პროექტების დიდ მნიშვნელობას საქართველოსთვის. მხარეთა შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით აღინიშნა მიმდინარე თვეში დიალოგის დაწყებაც. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ფედერალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე აბდულა ალ მაზრუი, აბუ დაბის განვითარების ფონდის ოპერაციების დირექტორი ადელ ალ ჰოსანი, Dhabi Group-ის მმართველი დირექტორი სამი ედვარდ ადამსი, კომპანია Etihad Credit Insurance – ის აღმასრულებელი დირექტორი მასიმო ფალკონი, დუბაის მრეწველობისა და ექსპორტის კორპორაციის გენერალური დირექტორი საიდ ალ ავადი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.

 

2022 წ.  31 ოქტომბერი –  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.  ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის მნიშვნელობაზე, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის. ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

2022 წ. 1 ნოემბერი –  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია. მას  საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.  განსახილველ საკითხებს შორის ფიგურირებდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

 

 2023 წ.  13 თებერვალი –  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში არაბული ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრმა მოჰამმად აბდულლა ალ გერგავმა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო მმართველობის განვითარებისა და მოდერნიზაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

2023 წ. 17 იანვარი –  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში ჰოლდინგის პორტფელის გაზრდა და არსებული ინვესტიციების დივერსიფიკაცია. შეხვედრაზე სასტუმროებისა და უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. Majid Al Futtaim-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰოლდინგია, რომელიც ფლობს და მართავს სავაჭრო ცენტრებსა და დასასვენებელ ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 17 ქვეყანაში. ჰოლდინგში 43 000 ადამიანია დასაქმებული. მისი შემოსავალი კი, 8.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოში Majid Al Futtaim-ი ჰიპერმარკეტ „კარფურის” მფლობელია.

2023 წ. 25 იანვარი – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩს აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მხარეთა შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და ინვესტიციების მნიშვნელობას.

 2023 წ. 13 თებერვალი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე.

 2023 წ. 9 მარტი –  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ‘’Eagle hills’’-ის დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და ‘’Emaar Properties“ დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი მოჰამედ აბდულა ალსაიეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული პროექტები მიმოიხილეს, რომლებში ინვესტირების სურვილიც მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა გამოთქვა.  ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ დიდ პოტენციალს. Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. Emaar Properties აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს. Eagle hills კი არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს 9 ქვეყანაში 45-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.

 

2023 წ. 17 მარტი – არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო  ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დოქტორ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა საქართველოს. ამავე დღეს გაიმართა მისი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ბატონ ლევან დავითაშვილთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას. საამიროელმა სტუმარმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრთან, ბატონ ოთარ შამუგიასთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ბატონ ირაკლი ქარსელაძესთან. ამავე დღესვე თბილისში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმიც გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  თანი ბინ აჰმედ ალ ზეიდმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის წარმომადგენლები, რომლებმაც გამართეს B2B შეხვედრები არაბეთის გაერთიანებული საამიროების მსხვილ კომპანიებთან და სამთავრობო ბიზნეს პალატებთან. შეხვედრებზე განიხილეს BCAGC-სა და სტუმარ ორგანიზაციებს შორის მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესწრეების დაახლოებას.

 2023 წ. 27 მარტი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმ ძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა.  პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების გარდა მხარეებმა დააანონსეს მიმდინარე წელს მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა და  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროებში.

 2023 წ. 7 ივნისი – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩს უმასპინძლა საამიროების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა საინვესტიციო კომპანია „Alfa Dhabi Holding”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ჰამად ალ ამერიმ. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კომპანიის საქმიანობა უტოლდება 74 მილიარდ ამერიკულ დოლარს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით, ბატონმა ელჩმა მასპინძელს მიაწოდა სრული ინფორმაცია, საქართველოში ხსენებული კომპანიის ინვესტიციებთან დაკავშირებით არსებული შესაძლებლობების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობასთან დაკავშირებით საქმიანი კომუნიკაციის დამყარების თაობაზე.

2023 წ. 9 აგვისტო – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა მარიამ ლაშხმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმისთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე წარმოებული მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესი უპრეცედენტოდ მოკლე პერიოდში, ექვს თვეში დასრულდა, რაც ორი ქვეყნის საერთო ინტერესზე მიუთითებს. ასევე ხაზი გაესვა შემოდგომაზე დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმსა და აბრეშუმის გზის კონფერენციაში საპარლამენტო დელეგაციების მონაწილეობის მნიშვნელობასაც.

  2023 წ. 13 სექტემბერი – არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და დაგეგმილ ორმხრივ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა 2022 წელს ამოქმედებულ უვიზო მიმოსვლაზეც, რომელმაც ხელი შეუწყო როგორც ქართველი ტურისტების მოგზაურობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე არაბი ტურისტების ჩამოსვლას საქართველოში.

მიუხედავად COVID- პანდემიისა, 2020 წლიდან საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები მთელი ძალისხმევითა და დიდი მონდომებით ცდილობდნენ  შეექმნათ ის ძლიერი ბაზა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, რომელიც დაგვირგვინდა მხარეებს შორის 2023 წლის 10 ოქტომბერს დუბაიში ,,ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ (CEPA) შეთანხმების გაფორმებით.

 

აღნიშნული მოვლენა მართლაც ,,ახალი ეტაპის დასაწყისია“ საქართველო-ემირატების ურთიერთობებში.  ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღია სავაჭრო ურთიერთობების არსებობა ქვეყანასთან, რომელიც ,,ინოვაციებისა და პროგრესის სათავეებთან დგას, რაც იმედისა და ოპტიმიზმის საწინდარია“.

შეთანხმება ,,ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ ემსახურება საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას და აერთიანებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას მხარეებისთვის.  იგი ურთიერთსასარგებლო დოკუმენტია ორივე ქვეყნისთვის, რადგან ,,საქართველო არაბული ბიზნესისთვის საინტერესო მიმართულებაა“. ამასთანავე ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ინტეგრირდეს ამ ორ დიდ ბაზართან.

მოცემულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და არაბთა გაერთიანებული ემირატების სახელმწიფო მინისტრმა საგარეო ვაჭრობის საკითხებში − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა. ხელმოწერის ცერემონიაზე, დისტანციურ რეჟიმში, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა , საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა და დუბაის მმართველმა, მისმა უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.

 

ფაქტს წინ უსწრებდა ოფიციალური მოლაპარაკებები, რომლებიც დაიწყო 2022 წლის სექტემბერში.  2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებს შორის  ,,ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს. მოლაპარაკების საბოლოო მესამე  რაუნდი თბილისში მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების აუცილებლობა განაპირობა მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების მზარდმა დინამიკამ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 72%-ით გაიზარდა და 276.83 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 80%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2021 წელთან შედარებით, 92%-ით გაიზარდა და 314.20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ექსპორტი 51%-ით გაიზარდა და 31.12 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, იმპორტი კი 98%-ით გაიზარდა და 283.08 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თუკი პანდემიის პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 140 მლნ აშშ დოლარამდე იყო შემცირებული, 2022 წლისთვის თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა და 314 მლნ-ს მიაღწია.

ბრუნვის მოცულობა ნომინალურად გაზრდილია ათწლიან პერსპექტივაშიც – $222 მლნ-დან  $314 მლნ-მდე. 10 წლის განმავლობაში ყოველწიურად ბრუნვის მოცულობა საშუალოდ $215 მლნ იყო.  სავაჭრო ბრუნვაც სწორედ იმპორტის ზრდის ხარჯზეა გაზრდილი – საქართველომ 2022 წელს ორჯერ მეტი ღირებულების პროდუქცია იყიდა ემირატებისგან, ვიდრე 2021 წელს.

ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებს უკავია არაბულ ქვეყნებთან საქართველოს ვაჭრობის 63%-ზე მეტი, ხოლო მისი ინვესტიციები საქართველოში წარმოადგენს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 5 %-ს, რაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მეექვსე უმსხვილეს გლობალურ ინვესტორად აქცევს.

 

ცხრილი 1. საქართველოს ექსპორტ-იმპორტი  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 2012 წ. 1 იანვრიდან 2022 წ. 1 იანვრის ჩათვლით (მლნ. აშშ დოლარი)   წყარო: საქსტატი

 

ექსპორტი, იმპორტი

 

 

 

საქართველო მეტს ყიდულობს ემირატებიდან ვიდრე ყიდის.

იმპორტი                                                                                                                                                                                           ექსპორტი

                                                                                                                                                                                         

 

 

გრაფიკი 1. საქართველოს იმპორტისა და ექსპორტის დინამიკა ემირატებში

(დიაგრამა: რადიო თავისუფლება  წყარო: საქსტატი)

ცხრილი 2. საქართველოს სავაჭრო ბრუნვა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 2012 წ. 1 იანვრიდან 2022 წ. 1 იანვრის ჩათვლით (მლნ. აშშ დოლარი)

 

 

გრაფიკი 2. საქართველოს სავაჭრო ბრუნვის დინამიკა საამიროებთან

(დიაგრამა: რადიო თავისუფლება  წყარო: საქსტატი)

 

 

 

ფრიად მნიშვნლოვანია იმ პერსპექტივების პროგნოზირებაც, რომლებსაც გვთავაზობს საქართველო-ემირატებს შორის გაფორმებული შეთანხმება ,,ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ (CEPA).

  • CEPA – ის საფუძველზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არა ნავთობის ვაჭრობა ამჟამინდელი 481 მლნ. აშშ დოლარიდან 1,5 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზრდება ხუთ წელიწადში.
  • CEPA დააჩქარებს მზარდი კაპიტალის ნაკადს საქართველოსა და ემირატების ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, განახლებადი ენერგია, საცალო ვაჭრობა, ციფრული ვაჭრობა, წარმოება და ენერგეტიკა.
  • აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97,5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი. შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეთანხმების ამოქმედებისას საიმპორტო ტარიფი მოიხსნება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი,თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები და ტექსტილის ნაწარმი.
  • ხუთ წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით.

 

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის დავით ცირდავას განცხადებით, კომპლექსურია ემირატების ბაზარზე კონკურენციაში შესვლა, რადგან იკვეთება ქართული პროდუქციის სამი მნიშვნელოვანი პრობლემა:

  1. წარმოების ფასი – ქართული პროდუქციის ფასი გარკვეული ქვეყნების პროდუქციის ფასზე უფრო მაღალია;
  2. არასტაბილური მიწოდება – სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, მაგალითად, მოცვზე, რაოდენობის პრობლემა გვაქვს. მათ სჭირდებათ სტაბილური ციკლები;
  3. ლოგისტიკა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საამიროების ყველაზე მსხვილი საიმპორტო პარტნიორი ჩინეთია  – 14,9%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთისგან ემირატებმა 2021 წელს 51 მლრდ. აშშ დოლარის პროდუქცია იყიდა, ანუ 2475-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოდან 2021 წელს, ,,აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებისა და ტექნიკური ბარიერების შემცირებით ახლო მომავალში რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს სურათი საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ექსპორტ-იმპორტის მასშტაბების გაფართოების საფუძველზე“ – აღნიშნავს BCAGS-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

დასკვნის სახით მოგახსენებთ, რომ საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების ძალზე გრძელი გზა განვლეს თავისი ნაკლებად თუ მეტად აქტიური დიაპაზონით. მხარეებს შორის თანამშრომლობა დაფუძნებულია სინერგიულ კავშირზე. ორივე სახელმწიფომ ერთობლივი ძალისხმევით, პატივისცემითა და ერთგულებით მიაღწია წარმატებას არაერთ სექტორში. მხარეები ბოლო წლებში აქტიურად ცდილობენ ერთმანეთის მზარდი სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის ათვისებას. სწორედ CEPA მოიცავს იმ ეკონომიკური აქტივობების ფართო სპექტრს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს უწინდელთან შედარებით საქართველოსა და ემირატებს შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას. არაბთა გაერთიანებული საამიროელი ინვესტორებისთვის საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ პოტენციურ საინვესტიციო მიმართულებას, რადგან ჩვენი ქვეყანა მეგობრებს ინტერესიდან გამომდინარე სთავაზობს საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა მრავალფეროვან სექტორში ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკის ჩათვლით.

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Salian, N. (2023). UAE, Georgia sign comprehensive economic partnership agreement.

https://gulfbusiness.com/uae-georgia-sign-cpa/

  1. UAE, Georgia Sign CEPA Trade Agreement. (2023, October 12). Middle East Briefing.

https://www.middleeastbriefing.com/news/uae-georgia-sign-cepa-trade-agreement/

  1. Deena Kamel. (2023, October 10). UAE expects $4 billion GDP boost from Georgia trade pact by 2031.

https://www.thenationalnews.com/business/economy/2023/10/10/uae-georgia-cepa-deal-to-add-4-billion-to-national-gdp-by-2031-minister-says/

  1. Hatem Mohamed , Tariq Al Fahaam (2023, October 10). Emirati ministers highlight the importance of UAE -Georgia Comprehensive Economic Partnership Agreement.

https://wam.ae/en/details/1395303207886

  1. UAE and Georgia sign Comprehensive Economic Partnership Agreement. (2023, 11 October). Arab News.

https://www.arabnews.com/node/2389076/middle-east

  1. Georgia signs economic partnership agreement with Arab Emirates. (2023, 11 October). Jam News.

https://jam-news.net/economic-partnership-georgia-and-emirates/

  1. Georgia and UAE Sign Economic Partnership Agreement. (2023, 11 October). Caucasus Watch. https://caucasuswatch.de/en/news/georgia-and-uae-sign-economic-partnership-agreement.html
  2. Georgia, UAE officially sign comprehensive economic partnership agreement. (2023, 10 October). Tbilisi,Georgia.

https://agenda.ge/en/news/2023/3786

  1. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, 10-მილიონიან ბაზარზე, საქართველოდან ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%, მათ შორის საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი. (2023, 11 ოქტომბერი). ბიზნეს კონტენტი.

http://businesscont.com/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9B/

  1. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ქართული პროდუქციის 97.5%  ტარიფის გარეშე შევა. (2023, 10 ოქტომბერი). ინტერპრესნიუსი.

https://www.interpressnews.ge/ka/article/773149-arabta-gaertianebul-saamiroebshi-eksportisas-kartuli-produkciis-975-taripis-gareshe-sheva/

  1. საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. (2023, 11 ოქტომბერი).

https://civil.ge/ka/archives/562759

  1. იზა გვარამაძე. (2023, 11 ოქტომბერი). საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. Forbes.

https://forbes.ge/saqarthvelosa-da-arabtha-gaerthianebul-saamiroebs-shoris-ekonomikuri-partniorobis-shesakheb-shethankhmeba-gaphormda/

  1. ლუკა პერტაია. (2023, 12 ოქტომბერი). საქართველო და საამიროები „ყოვლისმომცველ ეკონომიკურ პარტნიორობაზე“ შეთანხმდნენ.

https://www.radiotavisupleba.ge/a

  1. ინფორმაციები საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდიდან

https://www.gov.ge/

  1. ინფორმაციები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდიდან

https://uae.mfa.gov.ge/

  1. ინფორმაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდიდან

https://www.economy.ge/

  1. ინფორმაციები თბილისში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს ვებ-გვერდიდან

https://www.mofa.gov.ae/ka-GE/Missions/Tbilisi/Media-hub/Embassy-News

 

 

 

 

 

 

 

Author: Kati2022