მოხარულნი ვართ სიამაყით განვაცხადოთ, რომ დღეს ,,საერთაშორისო საინვესტიციო კონსორციუმსა’’ და აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატას შორის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, რომელსაც ხელი მოაწერეს კონსორციუმის თავმჯდომარემ, დოქტორ დატო არშად მაჰმუდმა და BCAGC-ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ.
შეთანხმება ითვალისწინებს , ბიზნესპალატასთან სტრატეგიული თანამშრომლობითა და არსებული რესურსების ორმხრივი კონსოლიდაციით, საქართველოში ინვესტიციების მზრდადი დინამიკის მიღწევას და სავაჭრო შესაძლებლობების განვითარებას საქართველოს, აფრიკასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.
მოგახსენებთ, რომ ,,საერთაშორისო საინვესტიციო კონსორციუმი Inc.’’ (IIC) არის აქტივებზე დაფუძნებული საინვესტიციო გაერთიანება, რომლის საქმიანობის მთავარი ფოკუსიც პროექტების შემუშავება და სახელმწიფოს დონეზე მათი დაფინანსებაა. იგი ამჟამად წარმოდგენილია მსოფლიოს 67-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ,,საერთაშორისო საინვესტიციო კონსორციუმი“ წარმოდგენილი იქნება საქართველოშიც ,,აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის’’ სახელით.
გვსურს ხაზი გავუსვათ, კონსორციუმის მკაფიო პოზიციას საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რა მიზნითაც იგეგმება მათი წარმომადგენლების ვიზიტი და საქმიანი კავშირის გაძლიერების თვალსაზრისით, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნია, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კომპანიები, რომელთა მიღწევები აღიარებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აწყობაში, მოპოვებით მრეწველობაში, მადნის გადამუშავებაში, ავტომშენებლობასა და სასუქების წარმოებაში. აგრეთვე, სასოფლო – სამეურნეო პროდუქტის წარმოებასა და ისეთი სახის ინფრასტრუქტურაში, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში კეთილდღეობას მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას.