აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატაში “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიის კომიტეტი” შეიქმნა

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატაში “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიის კომიტეტი” შეიქმნა

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატაში “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიის კომიტეტი” შეიქმნა

  • Posted by: Kati2022
"Road Safety and Automotive Industry Committee"
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატაში“, გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით, შეიქმნა “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიის კომიტეტი”. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ცენტრის (RIITI)-ს საქმიანობის შედეგად გამოვლენილ დასკვნებს.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები თუ შესაძლებლობები. აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლინდა არსებითი საკითხები, რომლებიც მოითხოვს დაუყონებლივ რეაგირებას და ქმედითი ნაბიჯებით მათ გადაწყვეტას, ესენია: საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები; საავტომობილო ინდუსტრიაში არსებული არაჯანსაღი კონკურენცია; ქართული საავტომობილო ინდუსტრიის სამომავლო პოტენციალი.
RIITI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობენ, რომ წინა წლებთან შედარებით 2023 წელს საავტომობილო ინდუსტრიამ განიცადა ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. თუმცა, კვლევისას, აგრეთვე გამოიკვეთა ავტომობილების შესყიდვებთან, სერვისებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები. ყურადღებას იმსახურებს სახელმწიფო ტენდერებში გამოვლენილი ხარვეზები, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს არაჯანსაღი კონკურენტული გარემოს განცდას. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ სატენდერო შესყიდვები თანაბარ პირობებში აყენებდეს ყველა პრეტენდენტს.
მოგეხსენებათ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება მსოფლიო მასშტაბით კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, ლეტალურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევებზე მოდის. 2023 წლის მონაცემებით, დაახლოებით 1.19 მილიონი სიცოცხლე ეწირება ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევებს, ხოლო 20-დან 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად ქვეითდება.
საგზაო უსაფრთხოების დარეგულირების მხრივ გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის აუცილებლობა; მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საპრევენციო ღონისძიებებზე მუშაობა და საზოგადოების ცნობიერების ამღალება საგზაო უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინების მიმართულებით; საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა; უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ტექნიკურად გამართულ ავტომანქანებზე ხელმისაწვდომობა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საავტომობილო წარმოების გამოცდილება აქვს (ათწლეულების წინ საქართველოში მოქმედებდა ქუთაისის ავტოქარხანა, რომელიც აწარმოებდა არამხოლოდ სამოქალაქო, აგრეთვე სამხედრო ტექნიკას) და ამასთან ერთად, არსებობს მმართველი ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული მკაფიოდ გამოხატული მზაობა, რომ შეიქმნას ეროვნული წარმოების ავტომობილი- იკვეთება ქართული საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების მზარდი პოტენციალი.
,,აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ”, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ცენტრის დასკვნის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო და ბიზნეს სექტორთან კონსოლიდაციის გზით, შეიქმნას ახალი დარგობრივი კომიტეტი, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე აქტიურად იმუშავებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პრობლემების აღმოფხვრაში.
დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიის კომიტეტი”. ბიზნესპალატის პრეზიდიუმის ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის საფუძველზე, კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა საავტომობილო ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე, მულტიბრენდული ჰოლდინგური კომპანია ,,მათე მოტორსი’’-ს და „ბარკალაიას გრუპი“-ს დამფუძნებელი გელა ბარკალაია. ახალმა კომიტეტმა, მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტზე და საორგანიზაციო საკითხებზე აქტიურად დაიწყო მუშაობა. კომიტეტი გაატარებს ღია ურთიერთთანმშრომლობის პოლიტიკას ყველა იმ რეგიონალურ თუ საერთაშორისო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებსა და ასოციაციებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, საავტომობილო ინდუსტრიისთვის კრიტიკული საკითხების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების ხელშეწყობა.
“საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიის კომიტეტი",
Author: Kati2022